Friday, August 26, 2011

კახელი პატრული

-ექვსასსამოცდაშვიდი ექვსასსამოცდაშვიდი გადააყენე ტრნნნ ტრნნნ!!!
-ემელი ემელი ოეეე გადააყენე მეთქი არ გესმის?!
-ეს ხმები გურჯაანისკენ მიმავალ გზაზე შემომესმა. სარკეში გავხედე და ვინსტონ ლაითი -მომდევდა ჩართული „მიგალკით“. მორჩილად გადავაყენე მანქანა გზიდან და წესის --თანახმად მანქანიდან არ გადავსულვარ. ფანჯარას არ ჩავუწიე და ესე გაყინული მზერით -დაველოდე.
-ინსპექტორი მღებრიშვილი- ოდნავ გასაგონად გაისმა ხმა
-მე არ მიმიხედია
-ინსპექტორი მღებრიშვილი - ისე დასჭექა ღიპი და ღაბაბი აუთრთოლდა
-ისევ არ მივხედე
-გადავიდა პრიმიტიულ ხერხზე - ფანჯარაზე დამიკაკუნა
-არც ეხლა მივხედე
-წინიდან მოუარა და წამოჭარხლებული სახით ფანჯრის ჩაწევა მიბრძანა
-ფანჯარას ჩავუწიე და გავუღიმე - რა დავაშავე უფროსო?
-ფანჯარას რათ არ უწევდი?- დამიბღვირა
-როდის კაცო? - გავიკვირვე მე
-როდისა და ეხლა
-როდის ეხლა?
-ოოოჰ.. საბუთები- მობეზრდა ჩემთან დავა
-რა საბუთები?
-მანქანის საბუთები და პრავა- დამიკონკრეტა
-მანქანის პასპორტი მივაწოდე.
-პრავა არა გაქ? -შემათვალიერა ეჭვის თვალით
-პრავა რა არის?- გავისულელე თავი
-ეეე ეხლა შენ რას ატრაკებ- გაბრაზდა პოლიციელი
-მოვითხოვ ჩემსკენ მომართული ფრაზეოლოგიის დახვეწას- წარბი შევიკარი მე
-ვინა ხარ კაცო შენა- შეშფოთდა ინსპექტორი
-თუ ფაქი- ვუპასუხე მე სერიოზული გამომეტყველებით.
-გვარი?- დაიბნა პატრული
-შაქური- არ დავიბენი მე
-მართვის მოწმობა მაჩვენეთ თუ შეიძლება- გადაერთო ქართულზე
-მივაწოდე.
-აქ რო აკაკი წერია?- გამომიჭირა
-ეგ ჩემი არ არის- ვუთხარი დაბალი ხმით
-მა ვისია?- აუწია ხმას
-ჩემი- ვუპასუხე მე
-შენა ეხლა იცი რას გიზამ თუფაქ. ჩაგისვამ მანქანაში და სანამ ტირილ არ დაიწყებ იქამდე -მეყოლები იქა გაიგეე?- გაცოფდა ინსპექტორი
-ჯასთ სეი ენაზა მადაფაქინ ვორდ ენდ ზის შით ის ოვა- ვუთხარი მე
-რაა? -დააღო პირი
-ვოთს ე ფრობლემ ინსფექთა?- ვკითხე მე
-ჩამო დაბლა ერთი აბა.
-აი ქენთ ჰია..
-დაბლა ჩამო მეთქი დაბლა ერთი..
-ჰუ არ იუ ბიტჩ, ფაქ ოფ, ორ საქ მაი ინქრედიბლ
-ეხლა აღარ იცი ქართული არააა? ჩამო მანქანიდან რო გელაპარაკები.
-რა გნებავთ?-დავინტერესდი მე
-აღარაფერი-მითხრა ინპექტორმა მღებრიშვილმა და ჯარიმის ბლანკი ამოიღო
-რა დავაშავე იქნებ მითხრათ?- მოვისაწყლე თავი
-წითელზე გაიარე- მითხრა მან და სოფლის ამტვერებულ გზას გახედა...-

I DONT NEED SEX MY GOVERNMENT EVERY DAY FUCKS ME

დილას ტელეფონის ზარმა გამაღვიძა.- თქვენს ნომერზე ირიცხება დავალიანება 67 ლარი და 45 თეთრი გთხოვთ გადაიხადოთ დავალიანება 12 დეკემბრამდე წინააღმდეგ შემთხვევაში ნომერი გაითიშება-მამცნო უსიამოვნო ხმამ.მართალია ერთი თვის განმავლობაში სულ რაღაც სამჯერ თუ ოთხჯერ ვისარგებლე ტელეფონით, მაგრამ როგრც გამოცდილმა აბონენტმა ზედმეტად ჩავთვალე „ტელეკომში“ მისვლა და ყველაფრის გარკვევა. სამსახურში წასასვლელად მოვემზადე, კარი გავაღე და დენის ქვითარი დამხვდა.-თქვენი დავალიანება შეადგენს 71 ლარს და 80 თეთრს- ეწერა სულის შემძვრელი ინფორმაცია. ქვითარი დავკეცე და მაგიდაზე დავდე. გარეთ გამოვედი თუ არა მეზობელი მომესალმა და გაზის, წყლის და ნაგვის ქვითარი ერთად მომცა- გუშინ იყო შენს კარებში გარჭობილი, ავიღე და შეგინახე რავიცი მე ყველაფერს იპარავენ ეს ოხრები-მითხრა და ეზოში მოთამაშე ბავშვებს გადახედა. მადლობა გადავუხადე და მანქანაში ჩავჯექი. პირველივე შუქნიშანზე ახალგაზრდა ბიჭი მომიახლოვდა, ოთხად დაკეცილი ხატი გაშალა და ყიდვა მთხოვა. მე უარი ვუთხარი. რა იყო ბიჭო ღმერთი არა გწამს?- მომაძახა უკმაყოფილოდა და ხატი ისევ ჯიბეში ჩაიჩურთა. გზაში ვიფიქრე რამეს შევჭამთქო მანქანა სადგომზე გავაჩერე და გადმოვედი. წინა კვირას „სპეციალურ რეპორტაჟში“ გასული სიუჟეტით შეშინებულმა საცხობებს გვერდი ავუარე და „მაკდონალდს“-ში შევედი. ერთ ჰამბურგერში და ერთ „კოკაკოლაში“ 12 ლარი გადავიხადე , მაგიდასთან ჩამოვჯექი, მამასისხლად ნაყიდ ჰამბურგერს შევექეცი და თან ფანჯარაში ვიყურებოდი. ფანჯრის წინ „სითიპარკის“ ევაკუატორმა ჩაიარა, რომელსაც ძალიან ნაცნობი მანქანა მიჰქონდა. როცა მივხვდი თუ საიდან მეცნობოდა ის მანქანა, ცოფიანივით დავყარე ჰამბურგერიც და კოკაკოლაც და ავტოსადგომისკენ გავიქეცი მთელი სისწრაფით. „ჟიგულის“ და „ნივას“ შორის გაჩერებული ჩემი მერსედესის ადგილად სიცარიელე დამხვდა. საშინელი გინების ნიაღვარი მივაყოლე და „სტაიანშჩიკს“ დავეტაკე:
- სად არის ჩემი მანქანა?
- სითიპარკმა წაიყვანა ჯიგარო
- შენ რისთვის დგახარ მერე აქ, რატომ გაატანე?
- რავი ეგრე თქვა ხაზზე ცოტა აქეთ არი გადმოსულიო.
- და ეს მანქანები რატომ არ წაიყვანეს აქეთ იქიდან რომ დგანან?- გავგიჟდი მე.
- ვერა ხედავ ჟიგულია მაგ ჯარიმის ფასი სულ ღირს ეგა- მითხრა და გაიღრიჭა.
ვიღაც გამოცდილმა სითიპარკის ნომერი მომცა და ოპერატორმა მამცნო რომ ჩემი მანქანა საჯარიმო სადგომზეა გადაყვანილი. საჯარიმო სადგომისკენ როგორც ვიკითხე ავტობუსი არ მიდიოდა, რუსთაველზე კი როგორც მოგახსენებათ სამარშრუტო ტაქსები არ დადიან.გამწარებულმა ტაქსი გავაჩერე და მგზავრობა 5 ლარი დამიჯდა. საჯარიმო სადგომზე მანქანების აღშფოთებული და გამწარებული პატრონების ბრბო გავარღვიე, სამოცდაათი ლარი გადავიხადე და ჩემი ახლადგაკაწრული მანქანა წამოვიყვანე.განერვიულებულს ღვედის შეკვრა დამავიწყდა და პატრულის მეგაფონმაც არ დააყოვნა. 40 ლარიანი ჯარიმის ქვითარი ჯიბეში ჩავიტენე და სიმწრის ცრემლი მომადგა.სამსახურში წასვლას აზრი აღარ ქონდა და ისევ სახლისკენ გავემართე. შემდეგ შუქნიშანთან მათხოვარი მომადგა და დახმარება მთხოვა. მე პასუხად ცარიელი ჯიბეები ამოვატრიალე და უარესად საცოდავი ხმით ვუთხარი უარი. მათხოვარმა ჩემს მერსედესს დახედა, ზიზღით შემომხედა, ჩაილაპარაკა- ფულიანი ღორი- და გამშორდა.ამ დროს მწვანე შუქიც აინთო მანქნა დავძარი და ვიღაცის მაისურზე გაკეთებული წარწერა გამახსენდა - I don’t need sex, my government every day fucks me.

Thursday, August 25, 2011

ჩინელი ბიჭის ამბავი ანუ დაბადების დღე იმერულად

                                                 

        ლამაზია  იმერეთი. თავის ლამაზი მთებით, კლდეებით, ჩუხჩუხა მდინარეებით, პატარა ჩანჩქერებით, მხიარული ხალხით და განუმეორებელი სტუმართმოყვარეობით.
          ტობი ვონგი მანქანაში იჯდა ოფლად იღვრებოდა. მანქანის მინები ბოლომდე იყო აწეული რომ წინა მანქანისაგან გზაზე სქლად მომავალი მტვერი მანქანაში არ შესულიყო. სამმანქანიან კოლონაში, რომელიც დაბადების დღეზე მიემართებოდა მათი მანქანა ბოლო იყო.კოლონის შუა მანქანაში მდიდარი ბიზნესმენი იჯდა, რომელსაც თურმე ძალიან უყვარდა ამ სოფელში ჩამოსვლა და ხშირადაც სტუმრობდა ხოლმე.სამსაათიანი მგზავრობის განმავლობაში ფანჯარა სულ სამჯერ ჩაუწიეს რომ ცოტა ჟანგბადი შემოეშვათ და იმის კვალიც ტობი ვონგს  სქლად ედო წამწამებზე, წარბებზე და თმაზე. ის დაბადების დღეზე მიდიოდა იმერეთის ერთერთ ულამაზეს სოფელში,სადაც მისმა მეზობელმა მახომ დაპატიჟა,ბიძაშვილის ნახევარძმისცოლის დაბადების დღეზე.
               ტობი ჩინელია, უკვე სამი წელია საქართველოში ცხოვრობს, ქართულიც კარგად ისწავლა  და აღარ უკვირს ქართველთა უცნაურობანი, მაგრამ ის იმერეთში პირველად არის. პირველი მანქანა რკინის ჭიშკარს მიადგა და სიგნალი გააბა, მას მეორე მანქანაც აჰყვა და შემდეგ მესამეც.ჭიშკარი ათამდე ბედნიერსახიანმა ქალმა გააღო და სტუმრებს შეეგება. მანქანები დაიცალა და ბიზნესმენმაც იკადრა ჩამოსვლა. ათივე ქალი ბიზნესმენს მიესია და გასაქანს არ აძლევდნენ. კოცნიდნენ,ეხვეოდნენ, ტიროდნენ და პატარა ბავშვებს ტენიდნენ ხელში. დანარჩენი სტუმრები და ტობი ვონგი მდუმარედ აუყვნენ კიბეებს მეორე სართულისაკენ, სადაც სუფრა იყო გაშლილი. ბიზნესმენმა, რომელსაც როგორც შემდეგ გაირკვა მურთაზი ერქვა, სასწრაფოდ იშიშვლა საფულე და გულად და პურად მასპინძლებს სასწრაფოდ გაუნაწილა მისი შიგთავსი. როცა უკანასკნელ პატარასაც ჩაუტენა ჯიბეში ასდოლარიანი, ყველა უცებ დაშოშმინდა და ყველამ თავისი ბავშვი წაიყვანა მოფარებულ ადგილებში გასაძარცვავად. მეორე სართულის აივანზე სხვადასხვა ასაკის ოცამდე მამაკაცი იდგა, რომლებიც თავშეკავებულად მიესალმნენ სტუმრებს და მოუთმენლად იყურებოდნენ კიბისაკენ, სადაც ბატონ მურთაზს მოაცილებდა გაძარცვულ და დიდ ხმაზე მოღრიალე ბავშვთა ამალა რომელთაც მშობლებმა უთხრეს  რომ ძია ძალიან კეთილია. ბატონმა მურთაზმა, კიბე აიარა და კიბის თავში მდგომ პირველ მამაკაცს ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად. გაწვდილ მარჯვენას ოცი დაკოჟრილი ხელი ეცა და ყველამ ერთად ჩამოართვა. მდუმარე პირგამეხებული მამაკაცების ჯგუფი,ცირკის  მხიარული და სასაცილო ტაკიმასხარების დასად გადაიქცა. ისინიც ყველა ერთად ეხვეოდენ, კოცნიდნენ პატივცემულ სტუმარს, მაგრამ ამაოდ- საფულე უკვე ცარიელი იყო.
   სუფრის დასაწყისში ორი დიდი დინამიკი იდგა რკინის დასადგამებზე, მათ შორის კი ხავერდის მაგიდაზე ე.წ. „იამახა“, რომელთანაც ადგილი მსუქანმა, წითელსახიანმა და მკერდმოღეღილმა მუსიკოსმა დაიკავა გრძელი, წინგამოშვერილი ქვედა ტუჩის უკან დამალული სამად სამი გამოხრული კბილით. სუფრის ორივე მხარეს ტაბურეტებზე შემდგარი გრძელი ფიცრები იდო რომელსაც ზედ შპალერი ჰქონდა ძაფით გადაკრული. მარჯვენა მხარეს ქალები დასხდნენ, მარცხენა მხარეს მამაკაცები. მხოლოდ სუფრის თავში დარჩა ერთი ადგილი სადაც ხავერდგადაკრული სავარძელი იდგა. სავარძლის გვერდით მსუქანი მეჩხერთმიანი მოხუცი დადგა და გამოაცხადა: ამ სანატრელ დღეს ჩვენი დიასახლისის, ხუთი შვილის გამზრდელი დედის  ქალბატონი მთვარისას გაშლილ სუფრას თამადობას გაუწევს ბატონი მურთაზ ბიძინიჩი.
-         არა რას ლაპარაკობ გენადი, მანქანით ვარ- დაიმორცხვა ბატონმა მურთაზმა
-         რავა რას ვლაპარაკობ ბიძინიჩ,თავს მჭრი მთელს სოფელში?- შეიცხადა გენადიმ.
-         კაი ადგილას დგახარ გენადი  პავლოვიჩ და შენ თვითონ გვითამადე- დართო ნება მურთაზმა
-         კაი აპა რაღაი არ იშლით - შეიფერა გენადიმ თანამდებობა, ხავერდიან სავარძელში ჩაჯდა და გვერდით  მჯდომ თანასოფლელებს ნიშნის მოგებით  გადახედა.
თავად ბატონმა მურთაზმა ნახევარი სუფრა გამოიარა და ზუსტად ტობი ვონგის და დალაქავებულპერანგიან, ჯანიან ახალგაზრდას შორის დაჯდა.
-         ვაჰ ამერიკელი სტუმარი გვყოლია - ყველამ ერთად შეათვალიერა ბიჭი, რომელმაც რატომღაც ყველამ ბატონ მურთაზთან ერთად უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრად მიიღო. ტობიმ უხერხულობა იგრძნო თანაც მარჯვენა რიგში ქალები აჩურჩულდნენ:
-         რავა პრაწავს თვალებს ეს ამერიკელი.
-         რა ქნას ძალით კი არ პრაწავს ისე აქვს ბუნებრივად მაგნაირი თვალები.
-         რანაირი ტანი აქვს, ბოვშია თუ დიდი კი ვერ გეიგებ.
-         შენ ბოვში უძახე და ჯერ არ მოსულა და სამი ნიგვზიანი ბადრიჯანი გადაყლაპა უცებ.
-         გონია ეს არ უნდა იყოს ამერიკელი, რაიონში რომ მაღაზია გახსნენ ჩინელებმა, ე იმათ გავს.
-         აპაა გოგო მართალი ხარ შენ, გაჭრილი ვაშლივით გავს ი დაგვაჯულ კაცს, კაპიკი რომ არ დააკლო გუშინწინეებზე  თავის გამხმარ „კეპკას“ და ძირგავარდნილ კეტებს- ბოვშისთვის მინდოდა.
-         ე გოგო ნუ ყლოჭინობთ იქნება ქეც ესმის ქართული.
-         ამხელა კვახის ბარდებივით გაშლილი ყურებით ქართულს კი არა ყველა ენას გეიგონებს.
-         პატივცემულო სუფრის წევრებო, დებო და ძმებო მოდით შევსვათ პირველი სასმისი, მოდით ჩვენს სიამაყეს მურთაზ ბიძინიჩ ვეშაპიძეს გაუმარჯოს ღმერთმა ბევრი მისცეს და უბედურება აშოროს. ამინ - დაამთავრა თამადამ, ღვინო დალია, ჭიქა ამოატრიალა და ცერა თითზე დააკაკუნა, ასე მტერი დაგეცალოს ბიძინიჩ.
        ტობიმ პერანგის ჯიბეში ჩადებული ჩინური სუვენირი ამოიღო და შეასწორ-შემოასწორა. გვერდზე მჯდომმა მახომ მხარი გაკრა:
-         რას შვები კაცო
-         დაბადების დღის საჩუქარი უნდა ვაჩუქო ამ კაცს
-         მაგის დაბადების დღე არ არის კაცო.
-         აბა ვისია?~
-         ციცინოსი
-         რომელია აბა?- ქალებს გადახედა ტობიმ
-         აქ არ არის.
-         აბა სად არის?
-         საბერძნეთში.
-         რაა?
-         ხო რაიყო, საბერძნეთშია და აქ უხდიან დაბადების დღეს.
            ტობიმ საჩუქარი შეინახა და სუფრა მოათვალიერა. მაგიდაზე მის წინ ლიმონათი საფირმო ნიშნით „ი.მ. ბორია მახათაძე“ და უეტიკეტო მინერალური წყალი იდგა, სავარაუდოდ „ბორჯომი“.  „ბორჯომი“ს დალევა გადაწყვიტა, მაგრამ შენიშნა, რომ დაბეჭდილ ბოთლში რაღაც ტივტივებდა და ბოთლის კედლებიც საკმაოდ შეყვითლებულიყო და ცივად დააბრუნა ისევ მაგიდაზე. მოპირდაპირე მხარეს მჯდომმა გოგომ ტობის ნაზად გაუღიმა, ნამცხვარზე მჯდომი სამი ბუზი ააფრინა და იგივე ნამცხვარი მომაჯადოებლად ჩაკბიჩა. სუფრაზე  სამკვდრო-სასიცოცხლო სმა გაჩაღებულიყო.ბატონი მურთაზის საპატივცემულოდ და სადღეგრძელებლად  უკვე დაელიათ  ლიტრიანი ყანწები, და მოხატული ფიალები. თამადა ადგა, იუბილარის სადღეგრძელო გამოაცხადა და ხორცის გასატარებელი მანქანა მოითხოვა.
-         რად უნდა?- გადაუჩურჩულა ტობიმ ვახოს
-         ეხლავე ნახავ- ჩურჩულითვე უპასუხა მახომ
                          დაასხით- დაიბღავლა უკვე მთვრალმა თამადამ და მანქანას აქეთ-იქიდან ხვრელებზე ორივე ხელი ააფარა(ერთობის ნიშნად). „სასმისი“ ბოლომდე აავსეს და თამადაც დაეწაფა. მის სასახელოდ უნდა ითქვას რომ თუმცა ნახევარი, გაღეღილ და აბალახებულ მკერდზე ჩამოექცა, მაინც ბოლომდე დალია.ტობი შეძრწუნებული უყურებდა ამ სანახაობას. თამადამ სველი სახელოთი ტუჩები შეიმშრალა და იყვირა: მუსიკა, მუსიკა იუბილარს. მუსიკოსმა ტუჩის თამაშით გამოაცხადა:“ სიმღერა სრულდება იუბილარის საპატივცემულოდ“ და უზარმაზარ დინამიკებში დიდი ხმით გაისმა - „ბინდისფერია სოფელი“.
    შემდეგი ანუ დედმამიშვილების  სადღეგრძელო მურიანი ლამპის შუშით შესვეს, რამეთუ დედმამიშვილი ისე გვიყვარს ამითაც კი დავლევთ ღვინოს მათი გულისათვისო. თამადამ გრძელი მონოლოგი იუბილარის ძმისადმი  დაასრულა: ყველას გაგიმარჯოთ დედმამიშვილებს, ნაზიკოს გარდაო.
-         იმ ერთი დის სადღეგრძელო რატომ არ დალიეს?- დაინტერესდა ტობი
-         გაუთხოვარია- განუმარტა მახომ.
-         მერე რა?
-         რაღა მერე რა კაცო ოცდახუთი წლის ქალი რომ გაუთხოვარი ივლის სად გაგიგია. მოჭრა ოჯახს თავი - გაბრაზდა მახო.
             მურთაზ ბიძინიჩს მიუძღვნეს სიმღერა „თავადის ქალო“ ქალო და თამადამ სიტყვით მიმართა: ტყავი რომ შემოვიხიოთ ტანზე მაინც ვერ გადავიხდით შენს პატივისცემას მურთაზ ბიძინიჩ, შენი სადღეგრძელო მინდა კიდევ ერთხელ შევსვა, საქართველოს სასიქადულო მამულიშვილო, მარტო სიტყვით სიყვარულის გამოხატვას არ ვარ მე ჩვეული და საქმითაც მინდა დაგიმტკიცო. თამადა პიზის კოშკივით გადაიხარა და ბატონ მურთაზს ყურში აკოცა. უჰჰ შენ გენაცვალე ამოასლოკინა თამადამ და იყვირა: ამ ჭინჭყილა ჭიქით დავლევ ახლა მეეე ამხელა კაცის სადღეგრძელოს?- ღვინიანი  ჭიქა მოისროლა და მორჩილად მდგომ თავის ცოლს გაარტყა სახეში. ცოლმა უხმოდ აკრიფა ნამტვრევები და სისხლიანი კბილებით გაუღიმა. უზომოდ მთვრალმა თამადამ სასმისს დაუწყო ძებნა მორღვეული თვალებით და მზერა მურთაზ ბიძინიჩის მტვრიან ფეხსაცმელზე შეაჩერა. ტობი ვონგი ისევ მოპირდაპირე მხარეს მჯდარ გოგონას უყურებდა თუ როგორ ნაზად იჩიჩქნიდა ყელზე ჩამოკიდებული ჯვრით კბილებს. უცებ ატყდა ჟივილ-ხივილი, ტობიმ მარჯვნივ მიიხედა და დაინახა: კაცები სიცილ-ხარხარით აკავებდნენ ბატონ მურთაზს და ბატონი თამადა ფეხსაცმელს ხდიდა. მურთაზ ბიძინიჩი გაბარიტებს არ უჩიოდა და მის ფეხსაცმელში კაი ერთ ლიტრამდე ღვინო მაინც ჩავიდა. თამადამ ფეხსაცმელი ბოლომდე გამოცალა და  ნახევარი ამჯერად მძინარე მუსიკოსს გადაასხა.
 ყველამ ბოლომდე შესვა ღვთიური სასმელი ამ განსაკუთრებული სასმისით და ჯერი ტობი ვონგზე მიდგა რომელიც სუფრის დებიუტის შემდეგ არავის გახსენებია ქალების გარდა. -პატივცემულო სტუმარო- იღრიალა თამადამ - მამაშენს რა ქვია როგორ მოგმართო. ტობი ფეხზე წამოდგა და უპასუხა: მე ტობი ვონგი ვარ, მამაჩემს კი დენგი ჰქვია. - ჰოდა ტობი დენგოვიჩ აბა დაგვილიე ამ კაცური კაცის სადღეგრძელო- უბრძანა გენადი პავლოვიჩმა და უკვე საგრძნობლად დარბილებული და საყელომოცვეთილი ღვინით სავსე ფეხსაცმელი გადააწოდა.
-         ამას ვერ დავლევ ბატონო ცუდად გავხხდები- დაიკნავლა ტობიმ
-         რააა? - დაიქშინა თამადამ და თვალები დაქაჩა
-         ავად ვარ ბატონო ჩემთვის არ შეიძლება- გაიბრძოლა ტობიმ
-         რას ამბობს ეს გალეული ხედავ მურთაზ ბიძინიჩ? ერთი კვირის წინ კუჭის ოპერაცია გაიკეთა ჩემმა ცოლმა და იმან დაცალა ბოლომდე და ამას არ უნდა დალევა?
შეშინებულმა  ტობი ვონგმა შედარებით სუფთა ადგილი მოუძებნა ფეხსაცმელს და მპიყუდა. ღვინო ბოლომდე დალია თვალები გადაატრიალა და გული წაუვიდა. „აპა რა ეგონა, უპატივცემულოდ არავინ გამიშვია ჩვენი სოფლიდან და ამას გოვუშვებდი?“- გაიბღინძა გენადი პავლოვიჩი. ტობი ვონგი სავადმყოფოს ნაცვლად ქვედა სართულზე ჩაიყვანეს ქალებმა და საწოლში ტანსაცმლიანად ჩააწვინეს.
-         ამდენი რაფრა უნდა დალიო, ასე ძაღლივით უნდა წეიქცე ახალგაზრდა კაცი? - დასცინა ერთერთმა.
-         აპა რა ეგონა ჩემს გენადიას რომ გეეჯიბრა სმაში, ორ ქორწილს და ორ ქელეხს თამადობს დღეში - ამაყად წაიჩიფჩიფა გენადი პავლოვიჩის ცოლმა და გამსკდარი ტუჩი მოილოკა.

Monday, December 6, 2010

LIKE (მომწონს)

ქართული კომპანიებზე ადრეც გაგაცანით ჩემი პირადი შეხედულება, მაგრამ ამჯერად მინდა გაყიდვების განვითარების ახალ სახესხვაობაზე  მოგახსენოთ. იგულისხმება გაყიდვების განვითარება ფეისბუქის საშუალებით. ფეისბუქზე ერთი მეორის მიყოლებით იხსნება სხვადასხვა ქართული კომპანიების ბრენდფეიჯები, რომლებიც სხვადასხვა კონკურსების და სახალისო გათამაშებების ხარჯზე ცდილობენ მომხმარებლის გულის მოგებას. ეს რა თქმა უნდა კარგი ტენდენციაა და ქართველი მომხმარებელიც აქტიურად  „ალაიქებს“ მსგავს გვერდებს და ცდილობს სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვების მოპოვებას. ამ მხრივ მოწინავეა თიბისი ბანკის სმართკლუბი რომელსაც ამ წამისათვის 28616 მომხმარებელი ჰყავს რომელიც უმოკლეს დროში მოაგროვა. http://www.finchannel.com/news_flash/Banks/76321_TBC_Bank_Hits_Record_Collecting_26,000_Likes_on_Facebook/. ეხლა გეტყვით რით მიიქცია სმართკლუბმა  პირადად ჩემი ყურადღება. პირველ რიგში გააკეთეს გენიალური მარკეტინგული გათვლა და ჩაატარეს ბლოგერების კონკურსი. (ბლოგერების კონკურსი ადრეც ჩატარებულა, მაგრამ თვით ბლოგერების გარდა არავის გაუგია ამის შესახებ ). ეს იყო ცოტა ცუდად ორგანიზებული, მაგარამ უდაოდ სახალხო კონკურსი რომელსაც დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა და პირველად მიაქცია ყურადღება საზოგადოებამ ბლოგერებს. კონკურსი ცოტა არ იყოს არათანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, მაგრამ წაგებით გულდაწყვეტილ ბლოგერებს სმართკლუბმა ფასდაუდებელი საკომპენსაციო საჩუქარი გაუკეთა: საუკეთესო ნამუშევრებს წიგნად გამოსცემს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.მეორე კარგი ქმდება თვით სმართკლუბისათვის იყო  ასევე სახალხო პროექტთან „ჯეოსტართან“ სმართკლუბის დაკავშირება და მასთან დაკავშირებული სახალისო კონკურსების ჩატარება, რომელმაც ერთიათად გაზარდა მომხმარებელთა რაოდენობა. თუმცა მომხმარებელს ახალი სიახლეები სჭირდება და ალბათ ამ მხრივაც არ დაიხევს უკან თიბისი სმართკლუბი. ეხლა მოგახსენებთ მსგავს ბრენდფეიჯებზე რომლებიც დაუღალავად ცდილობენ კონკურენცია გაუწიონ ზემოთ ხსენებულ გვერდს. ამ საქმეშიც როგორც ყველა დანარჩენში მიბაძა საქართველოს ბანკმა და მანაც დაიწყო სახალისო კონკურსები თავის გვერდზე, მაგრამ კონკურსების განვითარება კი ვერ გამოუვიდათ კარგად, მაგალითისთვის ერთ-ერთი „სახალისო“კონკურსი:

        გამოიცანით "საქართველოს ბანკის" რომელი რეკლამებიდან არის ამოღებული მოცემული 8 კადრი. პასუხები დანომრეთ კადრების შესაბამისად.
თუ რეკლამა საბანკო პროდუქტისაა უნდა დაასახელოთ ეს პროდუქტი.
თუ რეკლამა საიმიჯოა, დაასახელეთ რაიმე მინიშნება ამ რეკლამის შესახებ, ესეც ჩაგეთვლებათ. - და ამ ყველაფერს საქართველოს ბანკის რეკლამების ვიდეო კოლაჟი აქვს დართული.

   ესე იგი- კონკურსს ვერ მოიგებ თუ ნანახი არ გაქვს „საქართველოს ბანკის“ ყველა რეკლამა რაც კი ოდესმე გასულა.ეს რათქმაუნდა სახალხო კონკურსად ვერ ჩაითვლება,იმიტომ რომ ამ კითხვაზე პასუხი თვით ამ რეკლამების შემქმნელებსაც კი არქივში მოსაძებნი გაუხდებათ. თუმცა აქამდე ჩავარდნილი კონკურსების საკომპენსაციოდ თითქოსდა უკეთესი კონკურსი შემოგვთავაზეს-კლიპის გადაღება  საქართველოს ბანკის ახალ ტრეკზე რომელიც უკვე დადეს თავის გვერდზე.ესეც ვერ ჩაითვლება სახალხო კონკურსად იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში ცოტას აქვს კლიპის გადაღების საშუალება ნიჭიერების თუ უნიჭობის მიუხედავად. ასე თუ ისე საქართველოს ბანკის სარეკლამო კამპანიაც შედგა რადგან ამ საშუალებებით 13000 „ლაიქის“ მოგროვება მაინც შეძლეს.

ეხლა მინდა მოგახსენოთ ს/ს „ელიტელექტრონიქსის“ ბრენდფეიჯზე რომელიც ამ ორი ბანკის ფეხის ხმას აჰყვა და თვითონაც წამოიწყო წამახალისებელი კონკურსები. ამ ზემოთაღწერილი კონკურსების ფონზე „ელიტელექტრონიქსის კონკურსები იყო რბილად რომ ვთქვათ საშინელება და გაყიდვებში და მარკეტინგში უმეცრების და არაკომპეტენტურობის ზეიმი. მაგალითისთვის ერთერთი კონკურსი-მაშ ასე, კონკურსი - ”მე და ელიტ ელექტრონიქსი

კითხვები ასეთია:
1.
სად და რომელ წელს დაარსდა ელიტ ელექტრონიქსი?
2.
რამდენ მაღაზიას მოიცავს ელიტ ელექტრონიქსის ქსელი?
3.
რომელი წლიდან გახდა ელიტ ელექტრონიქსი BOSCH & SIEMENS-ის ოფიციალური დისტრიბუტორი?
4.
რომელი ბანკების განვადებით შეგიძლიათ ისარ...გებლოთ ელიტ ელექტრონიქსში?
5.
სად გაიხსნება 1 დეკემბრიდან ელიტ ელექტრონიქსის მორიგი მაღაზია?

 

  კონკურსის პირობების წაკითხვამ ღიმილი მომგვარა. რა საინტერესოა საიდან უნდა ვიცოდე მე- უბრალო მოქალაქემ  სად გაიხსნება „ელიტ ელექტრონიქსის“ მორიგი მაღაზია ან რომელი წლიდან გახდა „ბოშის“ და „სიმენსის“ ოფიციალური დისტრიბუტორი. ასევე კიდევ ერთმა კონკურსმა მიიქცია ჩემი ყურადღება: მახვილგონიერმა მარკეტოლოგმა თუ გაყიდვების სპეციალისტმა „ელიტელექტრონიქსის“ „ვოლლ“-ზე ატვირთა ადოლფ ჰიტლერის ფოტო, რომელსაც უზადო იუმორით ფლეიბოის კურდღლის ყურები აქვს თავზე დამაგრებული და კონკურსს ეწოდება- რას დაარქმევდით, როგორც ერთერთი ქართული ჟურნალის  უკანა ყდაზე.  ჯერ ერთი არ მგონია ჰიტლერს და ჰიტლერის გონებას „ელიტელექტრონიქსის“ თანამშრომელის დასაცინი ჰქონდეს რამე და მეორე- არა მგონია მსგავს კონკურსზე ამხელა კომპანიის გაყიდვების დაყრდნობა ნათელი გონების მუშაობის შედეგი იყოს. ასე შემიძლია მრავალი მაგალითის მოყვანა მაგრამ მე მგონი მეტის თქმა აღარ ღირს (გამგები ისედაც გაიგებს) ბოლო კომპანიის განხილვა ცოტა არ იყოს მწარე გამომივიდა მაგრამ ეს იმ გამწარებული მომხმარებლის პოსტია რომელსაც ამ კომპანიაში შეძენილი ყველა პროდუქტი უმოკლეს ვადაში გაუფუჭდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ერთერთი კონკურსის ორგანიზატორებისთვის რომ  ელიტელექტრონიქსის სლოგანად აერჩიათ :„ როცა ხარისხი მნიშვნელოვანია“    

Tuesday, October 26, 2010

კონტრაქტი და საფერავი

დილას დამირეკე და გეტყვი როდის მოხვიდე თუ მეცალა რააა!!!- თავაზიანად დამთანხმდა შეხვედრაზე ერთერთი სახელმწიფო სტრუქტურის ერთერთი ხელმძღვანელი. მეორე დღეს დილას ადრე დავურეკე და დროს მინიშნება ვთხოვე. ეგრე ექვსისკენ მოდი და თუ მეცალა გნახავ რააააა!!!-ისევ ჩვეული თავაზიანობით მიმანიშნა შეხვედრი დრო და გამითიშა. საღამომდე მთელი დრო შესათავაზებელი პროდუქტის და მისამართი ტექსტის დამუშავება-დალაგებას მოვანდომე, ზუსტად მივუსადაგე ყველაფერი როგორც შესაძლებელია მიუსადაგო ესეთი ტიპის პოტენციურ კლიენტს. ამ ორი ფრაზის მიუხედავად რომლითაც მან მე მომმართა მაინც სახელმწიფო სტრუქტურის თანამდებობის პირი იყო და ერთი-ორი შაბლონური ფრაზაც ჩავაგდე ტექსტში. ექვსს რომ ათი წუთი დააკლდა  შენობის მისაღებში ვიყავი უკვე და მის ნებართვას ველოდებოდი, რომ სახედამუწუკებულ დაცვის თნამშრომელს შენობაში შევეშვი.ხუთ წუთში ნებართვაც მოვიდა. დანა ხო არა გაქ თან?-ეჭვით შემათვალიერა დაცვის თანამშრომელმა და ჩემი უარყოფითი პასუხის შემდეგ სიტყვაზე მენდო და  შლაგბაუმი ასწია.კარზე მორიდებით დავაკაკუნე. შემო ჰოოო-ხარივით დაიზმუვლა ნაცნობმა ხმამ.კარი შევაღე და ოთახში ორი კაცი დამხვდა: ერთი ჩემი ნაცნობი ხმის პატრონი- დაახლოებით 150 კგ წონის და 3 მ გარეშემოწერილობის 40 წლამდე მამაკაცი და მეორე- გამხდარი, შავი კაცი ყვავის სახით და არათითზე მავთულივით საქორწინო ბეჭედით.დაჯე კაცო- ჩვეული თავაზიანობით შემომთავაზა მსუქანმა და ჰალსტუხი ღაბაბის შუა ნაკეციდან სულ ქვემოთა ნაკეცში გადაიტანა. მე მის წინ სკამის კუთხეზე ჩამოვჯექი და რიხით წამოღებული ინგლისურად შედგენილი პრეზენტაცია დავუდე წინ. თხუთმეტი წუთი კითხულობდა ილუსტრირებულ პრეზენტაციას და ცხვირს იჩიჩქნიდა. დაამთავრა კითხვა და ჩემი პრეზენტაცია ღიპზე ჩამოიდო.შენი სახელი ვაშკაც?-ვუთხარი. გვარიც გექნება შენ- ესეც ვუთხარი. კაი გვარი გქონია- შემაქო.ვუყურებდი ამ კაცს და რაღაც უცნაურად მეჩვენებოდა და ვერ ვხვდებოდი რა ჰქონდა უცნაური. ბოლოს მივხვდი- თვალები წარბები და ცხვირი მარჯვენა ლოყაზე ჰქონდა და მხოლოდ უტუჩო პირი, თავზე მოქცეული ღინღლით ჰქონდა ღაბაბს ზემოთ, ანუ თავის ადგილას.
-         ეს აკრედიტირებული ფურცლები შენია?- უცხო სიტყვით შემიქო ჩემი პრეზენტაცია
-         დიახ ბატონო
-         სააბონენტო გადასახადი რას ნიშნავს დენის კანტორიდან ხარ?- მითხრა და ახარხარდა.სოლიდარობის ნიშნად ყვავმაც გაუცინა.
-         არა ბატონო მე საყოფაცხოვრებო მომსახურების კომპანიიდან ვარ როგორც შემოსვლისას აღვნიშნე...
-         მაიცა კაცოუ - ჩვეული ზრდილობით გამაწყვეტინა- რა გინდა ვაშკაცურად თქვი რა კაცი არა ხარ?
-         როგორც მოგახსენეთ საქმე ეხება ჩვენი კომპანიის სააბონენტო მომსახურების ხელშეკრულებას...
-         დაიცაააა, ჰიყ- დაასლოკინა და გააგრძელა- გითხარი ადამიანურად მითხარი რა გინდა მეთქი ვა!
-         დილას რო ფურცელი გამოვატანე დაცვას ნახე?- გონს მოვეგე მე.
-         ჰოო ვნახე მერე?
-         ხოდა ეგ არი ხელშეკრულება ჯიგარო და იქნება დირექტორს ანახო კაი რამეა შენც დაისვენებ და ერთი საქმით ნაკლები გექნება
-         მაიცა რა საქმით კაცოუ, ააა ჰოოო გავიგე, ჰიყ დაასლოკინა ისევ და ხინკლის სუნი დამაძგერა
-         ხოდა თუ გაიგე უთხარი დირექტორს, მაგ ფურცელზე ხელს მოაწერ და დაისვენებ რა
-         ფული ხო არ უნდა მოგცე რამე?
-         არა ჯიგარო შენ არაფერი არ უნდა მომცე შენი დირექტორი მომცემს მერე ისიც თავის ფული არ არის ხო იცი შენც არაა? როგორც ხდება ხოლმე კაროჩე რაა
-         ვაახ რა ჯიგარი კაცი ყოფილა ესა მახო არაა? ლოყა მიატრიალა ყვავისკენ- იმან თავის მხრივ გაუცინა, მე დავირცხვინე
-         ღვინოსა ჰსოომ შენა კაცური კაცი?
-         ღვინოს გააჩნია
-         აი ცოტა ხანიც დამელოდე და კაი საფერავი მაქ დღეს მომართვეს და ჩავარტყათ რაა ზაკუსკაც არი ოთხი პერაშკი თუ გინდა კიდევ მოვატანინებ რამეს მახოს
-         არა მადლობელი ვარ უნდა წავიდე რა მეჩქარება მაგდენი დრო სადა მაქ
-         ოოოცი წუთი კაცოუ რა საქმე გაქ ეგეთი სუფრას ნუ დამიწუნებ რაა
-         არა სუფრას არ გიწუნებ კაცო პროსტა წასასვლელი ვარ რა
-         კაარგი ჯიგარო აბა მაგრად იყავი მხარზე ტორი მომხვია და სველი ტუჩით წარბზე მაკოცა
-         დილას დაგირეკავ და პასუხი მითხარი რა კაცურად
-         რისი პასუხი კაცო.
-         აუჰ დაგავიწყდა ამდენი რაც გელაპარაკე?
-         მახსომს მახსომს ჰოო დილით დარეკე გელოდები რაა
-         აბა ჰე

Saturday, October 9, 2010

დეტექტივები

გუშინ ახალი სერიალი დაიწყო რუსთავი ორზე და 20 წუთი ვუყურე მეტი უბრალოდ ვერ შევძელი. როცა რეკლამა გავიდა მაშინვე დავეჭვდი სერიალის ხარისხზე იმიტომ რომ დაწყებამდე გამაფრთხილა ბოხმა ხმამ რომ დღეს დაწყებული ეპიზოდი ხვალ დამთავრდებაო.დაიწყო იმით რომ ცხოვრებაში პირველად მიცვალებულზე გამეცინა... ვერავინ შემედავება ვინც ის სასაცილო მულიაჟი ნახა რომელიც მიცვალებულად უნდა მიეჩნია მაყურებელს.ნამდვილად ჯობდა ერთერთ მსახიობს აეღო თავის თავზე და ცოტა ხნით წამოწოლილიყო გრიმით ნაგავსაყრელზე, თუ რასაკვირველია არ გაეცინებოდა, როგორც ერთ ერთ გმირს- ქალს რომელიც დეტექტივის როლს ასრულებს და ყველაზე დაძაბულ მომენტში ეცინებოდა.რატომ არ მისცა შენიშვნა რეჟისორმა, ან მეორე დუბლი რატომ არ ჩაწერეს, ძნელი სათქმელია...სცენარისტის სასახელოდ უნდა ითქვას რომ ბევრი არ გვაწვალა და მეხუთე წუთზე მიგვახვედრა რა მოხდებოდა მთელ სერიაში. ქალი რომელიც მოკლული ადამიანის მეუღლე იყო გამოცხადდა პოლიციაში მოთქმით და გოდებით და ბღავილის თანხლებით ამოიცნო თავისი გარდაცვლილი ქმარი თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ზუსტად სამ წუთში სიგარეტით ხელში და თვითკმაყოფილი გამომეტყველებით სახლში მიეღო დეტექტივი და ისე მოქცეულიყო თითქოს ქორწილიდან ახლახანს დაბრუნდა. დეტექტივმაც რაღა თქმა უნდ ამაში საეჭვო ვერაფერი დაინახა სულ სხვა ტყუილში გამოიჭირა, რომელიც ალალად ათქმევინა კეთილმა სცენარისტმა დამწუხრებულ ქალბატონს. აღსანიშნავია ასევე მკაცრი დეტექტივი რომელიც ცოლზე უფრო მეტ ხანს ფიქრობს ვიდრე გამოსაძიებელ საქმეზე, ცოლ ქმარის უხეში ფლირტი ტელეფონით თითქოს აქამდე არ უნახავთ ერთმანეთი და მთელი სერიის ბრწყინვალება: სანდომიანი პათანატომი გოგონა რომელიც მიცვალებულს შუაზე ჭრის და დეტექტივის ნათქვამ ქათინაურებზე მერვე კლასელი გოგონასავით წითლდება. მოკლედ 20 წუთის მეტი ვერ ვუყურე და მეტს ვეღარაფერს დავწერ. მე ამ სერიალის სცენარი არ წამიკითხავს თუმცა თუ გნებავთ გეტყვით როგორ დამთავრდება 

Sunday, October 3, 2010

მენეჯმენტი საქართველოში

ქართულ ორგანიზაციებში მენეჯმენტი როგორც წესი განიხილება უფრო
ფინანსური განხრით ვიდრე ორგანიზაციული თვალსაზრისით.ანუ ორგანიზაციების მფლობელთათვის უფრო პრიორიტეტულია ჰყავდეთ პროფესიონალი ფინანსური მენეჯერი ვიდრე პროფესიონალი მენეჯერი ორგანიზაციული მართვის საკითხებში.ჩემი უკანასკნელი ჩატარებული კვლევის მიხედვით რომელიც ეძღვნებოდა ორგანიზაციული მართვის მენეჯერების დონეების კვლევას ნათელი გახდა რომ  მენეჯერების დონეს საქართველოში საშულო დონის შესაბამისადაც ვერ განვიხილავთ.ამის ნათელი მაგალითია ინტერვიუები რომლებიც ჩავწერე 11 ქართულ          
ორგანიზაციაში.ესენია :
შპს“პოპული“,“შპს“ჯეოსელი“,სავაჭრო ცენტრი „gtc“ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი „gipa““სანტე“ ს/ს „თიბისი ბანკი“ „საქართველოს ბანკი“ „ტაოპრივატბანკი“ „სახალხო ბანკი“ „კორსტანდარტბანკი“ კომპიუტერული კომპანია „u g t” კომპიუტერული კომპანია „ალტა“. ამ ორგანიზაციებიდან ყველას აქვს პრეტენზია რომ არის გამართული და სრულყოფილი ორგანიზაცია და მაღალი დონის მენეჯერებითაა დაკომპლექტებული, რომ დონე მაღალია როგორც ტოპმენეჯერების და საშუალო რანგის მენეჯერების ასევე დაბალი რანგის მენეჯერების, მაგრამ ჩაწერილი ინტერვიუები სულ სხვა რამეზე მეტყველებს.
მენეჯერების უმრავლესობას საერთოდ არ აქვს სპეციალური განათლება მიღებული.ვერ ერკვევიან ორგანიზაციული მართვის პრინციპებში.უმრავლესობას საერთოდ არ გაუგია ორგანიზაციული მართვის ახალი ტექნოლოგიების და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული პრინციპების  შესახებ და სიტყვა „მენეჯერი“ მათში ასოცირდება ფინანსებთან.

 „პოპული“

„პოპული“-ს ერთერთი ფილიალის მთავარ მენეჯერთან ჩაწერილ ინტერვიუში გაირკვა რომ მენეჯერს არათუ სპეციალური განათლება საერთოდ არ აქვს უმაღლესი განათლება მიღებული.მენეჯერის თანამდებობაზე დანიშნა ახლობელმა ადამიანმა რომელიც კომპანიის ერთერთი მეწილეა. ჩემს კითხვაზე-გაიარა თუ არა რაიმე სახის ტესტირება ან გასაუბრება-მიპასუხა რომ სწორედ იმ ახლობელთან გაიარა პირადი დასაუბრება რომელმაც კომპანიაში მოიყვანა:)  საერთოდ ვერ გაერკვა დასმულ შეკითხვებში და 3 შეკითხვის შემდეგ გამოცდაზე ჩაჭრილ მოსწავლეს დაემსგავსა. თვალსაჩინოებისათვის:


კითხვა:-რა მიგაჩნიათ თქვენი ორგანიზაციის სისუსტედ?
 პასუხი:- ჩვენ საერთოდ არცერთი არ ვართ სუსტები შეგიძლიათ „გუდვილში“ მიბრძანდეთ ნახოთ როგორი სუსტი თანამშრომლები ჰყავთ.

კითხვა: თქვენს დაქვემდებარებაში არსებული თანამშრომლების მიერ კომპანიაში დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში დასჯის როგორი მეთოდი მიგაჩნიათ სწორად?

პასუხი:რომელიმე წესებს თუ დაარღვევს გამოვიყვან და სახალხოდ შევარცხვენ

 მოცემული შემთხვევის ფონზე გაქრა უფრო დაბალი რანგის მენეჯერების გამოკვლევის საჭიროება:) და გადავწყვიტე პოპულის ტოპმენეჯერებისათვის მიმემართა  დაახლოებით იგივე ხასიათის კითხვებით,მაგრამ გაირკვა რომ ამ კომპანიაში საერთოდ არ ჰყავთ მაღალი რანგის მენეჯერები და ორგანიზაციულ საკითხებს კომპანიის მეწილეეები წყვეტენ. ანუ ერთი შეხედვით ძნელი გასაგებია როგორ მუშაობს სტრუქტურულად მთლიანი ორგანიზაცია ასეთ პირობებში მაგრამ ეს ძირითადად ხდება ფინანსების სწორი განკარგვის, კომპანიის იმიჯის,ფართო ქსელის და თანამშრომლების კომპანიისადმი ერთგულების ხარჯზე.

„საქართველოს ბანკი“

საქართველოს ბანკში მენეჯერების დონე შეგვიძლია განვიხილოთ როგორც საშუალო.როგორც სხვა დანარჩენ ქართულ ორგანიზაციებში პრიორიტეტი ენიჭება უფრო ფინანსურ მენეჯმენტს თუმცა ორგანიზაციული მენეჯმენტიც კარგად არის განვითარებული.საქართველოს ბანკში შესამჩნევია მაღალკვალიფიციური დაბალი რანგის თანამშრომლების ნაკლებობა.კვალიფიციური თანამშრომლები უფრო გვხვდება ტოპმენეჯმენტში სადაც მხოლოდ დირექტორის მიერ შერჩეული პიროვნება ხვდება.რაც შეეხება საშუალო რანგის მენეჯერებს, მათ ძირითადად გავლილი აქვთ დაკავებული პოზიციის შესაბამისი ტრენინგები თავისივე ორგანიზაციაში და როგორც წესი საერთოდ არ გაუგიათ თანამედროვე მენეჯერული ტექნოლოგიების შესახებ.მათ უბრალოდ ასწავლიან მხოლოდ იმ კონკრეტულ საქმეს რომლის შესრულებაც ევალებათ შემდეგში. საშუალო და დაბალი რანგის მენეჯერების ინტელექტის და ლოგიკური აზროვნების დონეც საკმაოდ დაბალია.ამაზე მეტყველებს ინტელექტუალურ და ლოგიკურ კითხვებზე,გაცემული პასუხები რომლებიც მე დავუსვი  20 გაყიდვების მენეჯერს 5 ოფისმენეჯერს 4 გარე გაყიდვების განვითარების მენეჯერს და 3 სერვისცენტრის მენეჯერს. საქართველოს ბანკში ამ მხრივ საერთოდ არ ხდება თანამშრომლების შემოწმება.არ ხდება დაბალი რანგის თანამშრომლის აზრის ან იდეის განხილვა და სრულ იგნორირებას უკეთებენ მათ ოდნავ აქტიურობას და შესაბამისად თანამშრომლები განვითარების დაბალ დონეზე რჩებიან.მათ უბრალოდ უწევთ იმ სამუშაოს შესრულება რაც მათ დაავალეს და თუ მათ პირადი ინიციატივა არ აქვთ არ შეუძლიათ სხვა მხრივ განვითრება.მაგალითისავის ავიღოთ თუნდაც განვადების მენეჯერების ჯგუფი. განვადების მენეჯერები განაწილებულნი არიან ქალაქის ყველა რაიონში სადაც მათ აკონტროლებს ჯგუფის უფროსი და მონიტორინგის სამსახური მათი კონტროლი გამოიხატება განვადების მენეჯერების ხშირ შემოწმებაში მათ ხშირ დასჯაში და საყვედურებში.მათ პირდაპირ სთხოვენ გარეგნულ მოწესრიგებას კლიენტებთან სწორი ფრაზეოლოგიის გამოყენებას
ლაპარაკის მანერის დახვეწას და კლიენტისთვის ინფორმაციის მიწოდების დახვეწას. ასეთი მიდგომა ერთის მხრივ გამართლებულია რადგან თანამშრომლები ყოველთვის ფორმაში არიან მაგრამ უხერხულია რომ არ ვთქვათ სასირცხვილო როდესაც თანამშრომელს 2 წლის სტაჟი აქვს და მას ისევ ყოველ დღე სჭირდება შეხსენება იმისა რომ გარეგნულად ნორმალურად უნდა გამოიყურებოდეს ან კლიენტს უხეშად არ მიმართოს.ამ ფონზე კადრების შერჩევა შეიძლება შეიძლება კომპანიის ერთ ერთ სუსტ მხარედ ჩავთვალოთ.
 არასწორად ხდება თანამშრომელთა სამსახურში მიღების და   დაწინაურების პროცესი.მაგალითისათვის კითხვა კადრების განყოფილების ერთ ერთ კადრების შერჩევის მენეჯერთან: -რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პიროვნება რომელსაც იყვანთ განვადების მენეჯერის თანამდებობაზე? პასუხი- აუცილებლად უნდა ჰქონდესუმაღლესი განათლება, გუნდური მუშაობის უნარი, უნდა იცოდეს ორი უცხო ენა,უნდა ჰქონდეს ლოგიკური აზროვნების უნარი.გამოუვალ  და გაურკვეველ სიტუაციებში სწრაფი და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი,და იყოს კომუნიკაბელური.
ჩემს მიერ გამოკითხული საშუალო და დაბალი რანგის მენეჯერებიდან ვერც ერთმა ვერ დააკმაყოფილა ზემოთ ჩამოთვლილი ყველა კრიტერიუმი...
მაღალი რანგის მენეჯერები ძირითადად პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული რომლებსაც კარგად აქვთ განვითარებული მენეჯერული უნარჩვევები და სწორად წარმართავენ ორგანიზაციის ძირითად მიმართულებებს.ეს გარკვეულწილად შვებას აძლევს ორგანიზაციას დაბალი რანგის მენეჯერების ფონზე...