- - ალო, ალო
- - რომელი ხარ ?
- - მე ვარ მე, ანზორის გოგო ლარისა.
- -ბუზალაძის?
- -არა, გაბაძის,გაბაძის.
- -უჰ,გაგისკდა გული, სიდან გაგახსენდი ამ შუაღამეზე.
- -შენზე ახლობელს ვის მივახარებდი ამ კაი ამბავს, ბიძაშენი პავლე და დეიდაჩემის მაზლიშვილი შალვა ერთად იყვნენ ორი წელი ჯარში.
- -რა გინდა ქალო აღარ იტყვი?
- -ოცი ათასი მოვიგე, ოცი ათასი.
- -რანაირად?
- -აგერ ორი საათის წინ შევიტყვე.
- -მერე ახლა უნდა მაგებინებდე მასეთ ამბავს? სისხლით ნათესავები ვართ, სისხლით.
- რა ვქნა, ტელეფონის ზარი არ შეწყვეტილა ჩემს ოჯახში, ერთი კაპიკი აღარ დამრჩა ანგარიშზე.
- =გილოცავ, გილოცავ ღმერთმა მალე მილიონი მოგაგებინოს, აგერ ჩემი ბიჭიც გილოცავს,თემიკო, სტუდენტია უკვე დედა ენაცვალოს,გადარია ლექტორები თავისი ნიჭიერებით და მეცნიერული მიღწევებით, ამისთანა სტუდენტი მეორე არ არის ფიზკულტურულზე.
- = ეგ იურიდიულზე არ აბარებდა შე ქალო?
- =ჩააბარა კიდეც, მაგრამ ერთხანს ფიზკულტურულზე სწავლა ურჩიეს ლექტორებმა, სად გაგიგია შენ ფიზიკურად სუსტი იურისტი.
- =მართალია მართალი.
- =აგერ ა, ხმამაღლა ყვირის ჩემს მაგივრად მიულოცე ქალბატონსო.
- =ქალბატონსო? ჩემი სიკვდილი, ჩემი სახელი არ ახსოვს გოგო?
- =რავა არ გვახსოვს შე ქალო, მარა სახელით ხომ არ მოგმართავთ ამხელა მილიონერ ქალს.
- =კაი, აბა მშვიდობით მენახეთ, მადლობელი ვარ გვერდში დგომისთვის.
- =მოიცა, ქალბატონო...., ამას უძახი შენ გვერდში დგომას? მისამართი გვითხარი შენი, ათ წუთში მანდ გავჩნდებით.
- = ნუღა შეწუხდებით, აწი გათენდება, და ქე ჩამოვალთ თბილისში უთენია ფულის ასაღებად.
- =ჩემთან რომ არ შემოიაროთ,ხმა აღარ გამცეთ არცერთმა, სუფრას ვშლი უკვე.
- =კაი აბა მშვიდობით მეყოლეთ.
ლარისამ ტელეფონების ბლოკნოტი დახურა და კმაყოფილი მიუჯდა თავის ქმარს გვერდით.ქმარს რეული გადაეშალა და მოსაწვევი სტუმრების სიას ადგენდა:
- - ბესო არ დავპატიჟოთ ქალო?- მაგის შვილი ბანკში მუშაობს
- -ბესიკია დაფეხვილი არ გამაგონო, სანამ პირში სული მიდგას ეგ ჩემს ოჯახში ფეხს ვერ დაადგამს.
- -კი მარა რა დაგიშავა?
- -რავა რა დამიშავა, არ გახსოვს რავარ გოგოს ვურიგებდი გვერდით სოფლიდან? მაგის ბიჭმა რომ დეიწუნა, ყანაში ნამუშევარ ქალს რავა მევიყვანო? თითქოს დედამისს ყანა არ ქონდეს ნანახი.
- -აპა რა გეგონა შენ, შოფერ კაცს რომ სოფლელი გოგო აკადრე.
- -ვინაა სოფლელი შე კაცო, ახლა გახდა მაგი შოფერი და ქალაქელი თორემ, ჯონჯოლის ბარდებზე რომ ქონდა გადახეული ჭიპი და მგელივით ტყეში რომ ათევდა ღამეს სოკოს გულისთვის აღარ გახსოვს?
- -არა უნდა დავპატიჟოთ მეზობელია მაინც.
ამის თქმა იყო და მეზობელ სახლში შემზარავი ღრიალი გაისმა. ამას ქალის კივილი და კარის ჯახუნის ხმა მოჰყვა. ლარისა პირველი გავარდა გარეთ და მეზობლის ეზოში შევარდა.
- -რა ამბავია რა მოხდა ბესო.
- -ოცი ათასი მოვიგე ოცი ათასი.
- -ვაი შენ გენაცვალე ჩემო კარის იმედო, მოდი ჩაგეხუტო - გადაეხვია ბესოს თვალზე ცრემლმომდგარი ლარისა.
- -გადი ქალო იქით, ახლა გავხდი შენი კარის იმედი?
- -შენს სახელოვან ბიჭს თუ გააგებინეთ უკვე,მაგას ენაცვალოს ლარისა დეიდა მთლად ჩემს ხელშია გაზრდილი.
- -ახლა გახდა სახელოვანი? ის აღარ გახსოვს, ორღულელ ცალთვალა და უკბილო გოგოს რომ ურიგებდი?
- -რანაირად ლაპარაკობ შენ ბესიკია დაფეხვილო, მეც ქე მოვიგე ოცი ათასი, ხვალ უთენია მივდივარ თბილისში ფულის ასაღებად.
- -ბებიაშენი ქსენია მოატყუე შენ და შენი ლოთი ქმარი, ვის ატყუებ?
- -ვისი ქმარია ლოთი, თქვე მშიერგუდებო, შენს მორფინისტ შვილს მიხედე შენ.
- -ვისი შვილია მორფინისტი შე პირდაუბანელო - ჟანგიან თოხს სტაცა ხელი ბესომ.
ეზოში ბებერი დურგალი როსტომი შემოვარდა ღრიალით:
- -ავშენდი ხალხო ავშენდი.
- -რა იყო როსტომ?
- -ოცი ათასი მოვიგე ოცი ათასი.
- -ღმერთო ნუ გადამრევ, შენ რანაირად მოიგე როსტომ? - გაფითრდა ლარისა.
- -ჩემმა შვილიშვილმა მახარა.
- -გაგეზარდოს დიდი ბიჭი, აქედანვე ეტყობა რა ალღოიანი ბიჭია.
- -ახლა გახდა ალღოიანი? არ გახსოვს შენი მატლიანი ბლის ხიდან რომ ჩამოათრიე და გამილახე ოქროსავით ბავშვი?
- -რა ქურდებიც ხართ მთელი ოჯახი, იმნაირი გეზრდებათ ეგეც.
- -ვინაა ქალო ქურდი. - იღრიალა როსტომმა და ღობიდან სარი ამოაძრო.
ორღობეში თმაგაშლილი ქალი გამოჩნდა კივილით:
- -ვის ეგონა ჩემი ზურია ლოთი და უსაქმური? ნამდვილი ვაჟკაცი მყოლი სახლში.
- -შენ რაღა დაგემართა ხათუნა?
- -ჩემმა ზურიამ ოცი ათასი მოიგო.
ბესოს თოხი გაუვარდა ხელიდან, როსტომს სარი, ლარისა პირდაპირ მიწაზე დაჯდა რომ არ წაქცეულიყო.
- -ღმერთო დიდებულო - გამოეგება ხათუნას მეზობელი ზინა- ისახელა თავი შენმა -დევგმირმა?
- - ახლა გახდა დევგმირი? გუშინწინ ლოთი და უსაქმური რომ ეძახე აღარ გახსოვს?
- -რა მოხდა შე ქალო, ჩემს ხელშია გაზრდილი, ვეხუმრე.
- -რა ეხუმრე შე ქუჩის ქალო, სადგურში რომ გაატარე მთელი ახალგაზრდობა.
- -რატომ კადრულობ მაგას ხათუნა, დეიდად გეკუთვნი.
ამ დროს ზინასთან პატარა შვილიშილმა მიირბინა და ცივი ხმით უყვირა: ბებო ოცი -ათასი მოვიგეთ.
- რა ოცი ათასი გოგო ხომ არ გადარეულხარ?
-მართლა ბებო აგერ ახლა ვნახე ტელეფონში.
ზინამ დოინჯი შემოიყარა და ხათუნას გასძახა:
- -ხათუნა წირპლიანო, ვინაა შენი ქუჩის ქალი, დამიცადე მანდ უნდა გაგიხეთქო ეგ ქონიანი თავი.
- - რა მოხდა ზინა რა მოხდა- დაიძახა შორიდან მეზობელმა.
- -ოცი ათასი მოვიგე თინიკო და ამ შურიანმა ხათუნამ სულ ქუჩის ქალი მიძახა.
- -უი რას ამბობ შე ქალო ჩვენც მოვიგეთ ოცი ათასი.
- -ეს რა დღე გაგვითენდა ნამდვილად ცხვარი უნდა დავკლათ მთელმა სოფელმა.
- -რა ცხვარის დამკვლელები ხართ შენ და შენი ოჯახი, ყველა კაპიკს მუთაქაში ინახავთ, ძაღლიც მშიერი მოგიკვდათ და კატაც.
- -ვის ეუბნები მაგას ქალო, შენი ქმარი არ იყო, ჩემი კაკო რომ წამოიყვანა ვენახის გასათოხნად მთელი დღე და სახლში ისეთი მშიერი მოვიდა კინაღამ ბარკალი გამომაჭამა.
- -დეიცადე მანდ ღობესთან, წიწილივით უნდა წაგაწყვიტო თავი.
- -მოდი მოდი ერთი ვისი თავი გაგორდება შარაგზაზე დაგანახებ.
მთელი ღამე გრძელდებოდა აყალმაყალი, გინება და წყევლა. სოფელში ერთი ოჯახი არ დარჩა რომ ამ საყოველთაო ყაყანში არ ჩართულიყო. დილას კი გათენებული არ იყო რომ რაიონის სადგურიდან ერთი სოფლის ხალხით დატვირთული პირველი ავტობუსი დაიძრა თბილისის მიმართულებით.
ბანკთან ხალხმრავლობა იყო მაგრამ, ხმას არავინ იღებდა. ყველა თვალი ბანკის შესასვლელი კარისაკენ იყო მიმართული საიდანაც, წუთი-წუთზე ლარისა და მისი ქმარი უნდა გამოსულიყვნენ ხელში ოცი ათასით და გაბადრული ღიმილით. ყველა რიგს ელოდებოდა, ნერვიულობდნენ და ერთმანეთს უბღვერდნენ.
- -ჩვენი ფულის წასაღებად მოვედით გენაცვალე - გაუღიმა პომადიანი კბილებით ლარისამ ბანკის ოპერატორს.
- -ანაბრიდან გნებავთ თანხის გატანა? - თავაზიანად გაუღიმა გოგონამ.
- -ჩვენ ოცი ათასი მოვიგეთ შვილო , აგერ წერილი გამოგვიგზავნა თქვენმა ბანკმა - მიაწოდა ტელეფონი გოგონას ლარისას ქმარმა. ოპერატორმა ტელეფონი გამოართვა და ტელეფონში მოსული შეტყობინება წაიკითხა: მოიგეთ ოცი ათასი! გახსენით ანაბარი ჩვენს ბანკში მინიმუმ ათასი დოლარის ოდენობით, ჩაერთეთ საინტერესო თამაშში, გახდით გამარჯვებული და მოიგეთ ოცი ათასი.
აუუ პოპულარული გავხდი ვსო :დდდ
ReplyDelete