Friday, August 26, 2011
სუფთა ქუჩა
ჩემს პირდაპირ შენობაზე დიდი ასოებით აწერია კედელზე danger ამ სიტყვის ქვემოთ შედარებით წვრილი შრიფტით „ბოზებს რააა???“ და გვერდით სხვა ფერის მარკერით და სხვა კალიგრაფიით უწერია ფრაზის შესაბამისი გაგრძელება. ამავე შენობის მეორე სართულზე ქალი დგას აივანზე და იწყევლება: არ გაიხაროს ვინც ჩემი ფანჯრის ქვეშ ყრის ამდენ ნაგავს. მერე მობეზრდა ყვირილი და ისევ დიდი ჭუჭყიანი ლეიბის ბერტყვა განაგრძო. საეჭვოდ შესველებული ადგილის ოდნავ მაღლა, პირველი სართულის ფანჯრიდან კაცმა გამოიხედა, ზემოთ აიხედა, მტვრის ბურუსში გახვეულ ლეიბის მბერტყველ ქალს ხმადაბლა შეაგინა გარემოს დაბინძურებისათვის და პირიდან უცხო სხეული გადმოაფურთხა.სადარბაზოდან ცოლქმარი გამოვიდა პატარა ბავშვით ხელში. სადარბაზოს შესასვლელში გამხდარი ვირთხა პამპერსში შეხვეულ პრეზერვატივს ჩიჩქნიდა. გოგომ წამოიკივლა, ბიჭმა დიდი ხმით შეაგინა ვირთხის მომგონს. სადარბაზოს გვერდით მაღაზიიდან დედა შვილი გამოვიდა. ბავშვმა ნაყინს ქაღალდი შემოაცალა და ხელში მოჭმუჭნა, დედამ მაშინვე დააგდებინა ძირს ქაღალდი რომ ბავშვს ხელები არ დასვროდა. შენობის წინ პატარა მაგიდაზე დარჩენილ გუშინდელ ნასუფრალს დილის ნიავი აშრიალებდა. მაგიდასთან მჯდომი სამი ნაბახუსევი ახალგაზრდა ზიზღნარევი მზერით უყურებდა მაგიდას. ერთერთი ბიჭი ხელში გადაჭრილ პლასტმასის ბოთლს ჭმუჭნიდა რომლის მეორე ნახევრით წუხელ თავის ქუჩის სადღეგრძელო დალია. ხის ქვეშ თოფით მოკლული მტრედის ნახევარი ეგდო რომელიც მანქანის დაბინძურებისთვის მოკლეს რომელიც ამ ხის ქვეშ დგას ხოლმე. ტაქსი გავაჩერე. მძღოლმა მანქანა დაძრა. ლეიბის მტვერი გაუმართავი მანქანის გამონაბოლქვს, ხოლო ლეიბის მბერტყველი ქალის წყევლა მანქანის ხმას შეერია.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment