Wednesday, October 12, 2011

ჩვენ მოვიგეთ ოცი ათასი

-       -   ალო, ალო
-        -  რომელი   ხარ ?
-         - მე ვარ მე, ანზორის გოგო ლარისა.
-          -ბუზალაძის?
-          -არა, გაბაძის,გაბაძის.
-          -უჰ,გაგისკდა გული, სიდან გაგახსენდი ამ შუაღამეზე.
-          -შენზე ახლობელს ვის მივახარებდი ამ კაი ამბავს, ბიძაშენი პავლე და დეიდაჩემის მაზლიშვილი შალვა ერთად იყვნენ ორი წელი ჯარში.
-          -რა გინდა ქალო აღარ იტყვი?
-          -ოცი ათასი მოვიგე, ოცი ათასი.
-          -რანაირად?
-          -აგერ  ორი საათის წინ შევიტყვე.
-          -მერე ახლა უნდა მაგებინებდე მასეთ ამბავს? სისხლით ნათესავები ვართ, სისხლით.
-          რა ვქნა, ტელეფონის ზარი არ შეწყვეტილა ჩემს ოჯახში, ერთი კაპიკი აღარ დამრჩა ანგარიშზე.
-          =გილოცავ, გილოცავ ღმერთმა მალე მილიონი მოგაგებინოს, აგერ ჩემი ბიჭიც გილოცავს,თემიკო, სტუდენტია უკვე დედა ენაცვალოს,გადარია ლექტორები თავისი ნიჭიერებით და მეცნიერული მიღწევებით, ამისთანა სტუდენტი მეორე არ არის ფიზკულტურულზე.
-         = ეგ იურიდიულზე არ აბარებდა შე ქალო?
-          =ჩააბარა კიდეც, მაგრამ ერთხანს ფიზკულტურულზე სწავლა ურჩიეს ლექტორებმა, სად გაგიგია შენ ფიზიკურად სუსტი იურისტი.
-          =მართალია მართალი.
-          =აგერ ა, ხმამაღლა ყვირის ჩემს მაგივრად მიულოცე ქალბატონსო.
-          =ქალბატონსო? ჩემი სიკვდილი, ჩემი სახელი არ ახსოვს გოგო?
-          =რავა არ გვახსოვს შე ქალო, მარა სახელით ხომ არ მოგმართავთ ამხელა მილიონერ ქალს.
-          =კაი, აბა მშვიდობით მენახეთ, მადლობელი ვარ გვერდში დგომისთვის.
-          =მოიცა, ქალბატონო...., ამას უძახი შენ გვერდში დგომას? მისამართი გვითხარი შენი, ათ წუთში მანდ გავჩნდებით.
-         = ნუღა შეწუხდებით, აწი გათენდება, და ქე ჩამოვალთ თბილისში უთენია ფულის ასაღებად.
-          =ჩემთან რომ არ შემოიაროთ,ხმა აღარ გამცეთ არცერთმა, სუფრას ვშლი უკვე.
-          =კაი აბა მშვიდობით მეყოლეთ.

                ლარისამ ტელეფონების ბლოკნოტი დახურა და კმაყოფილი მიუჯდა თავის ქმარს გვერდით.ქმარს რეული გადაეშალა და მოსაწვევი სტუმრების სიას ადგენდა:
-         - ბესო არ დავპატიჟოთ ქალო?- მაგის შვილი ბანკში მუშაობს
-          -ბესიკია დაფეხვილი არ გამაგონო, სანამ პირში სული მიდგას ეგ ჩემს ოჯახში ფეხს ვერ დაადგამს.
-          -კი მარა რა დაგიშავა?
-          -რავა რა დამიშავა, არ გახსოვს რავარ გოგოს ვურიგებდი გვერდით სოფლიდან? მაგის ბიჭმა რომ დეიწუნა, ყანაში ნამუშევარ ქალს რავა მევიყვანო? თითქოს დედამისს ყანა არ ქონდეს ნანახი.
-          -აპა რა გეგონა შენ, შოფერ კაცს რომ სოფლელი გოგო აკადრე.
-          -ვინაა სოფლელი შე კაცო, ახლა გახდა მაგი შოფერი და ქალაქელი თორემ, ჯონჯოლის ბარდებზე რომ ქონდა გადახეული ჭიპი და მგელივით ტყეში რომ ათევდა ღამეს სოკოს გულისთვის აღარ გახსოვს?
-          -არა უნდა დავპატიჟოთ მეზობელია მაინც.
ამის თქმა იყო და მეზობელ სახლში შემზარავი ღრიალი გაისმა. ამას ქალის კივილი და კარის ჯახუნის ხმა მოჰყვა. ლარისა პირველი გავარდა გარეთ და მეზობლის ეზოში შევარდა.
-          -რა ამბავია რა მოხდა ბესო.
-          -ოცი ათასი მოვიგე ოცი ათასი.
-          -ვაი შენ გენაცვალე ჩემო კარის იმედო, მოდი ჩაგეხუტო - გადაეხვია ბესოს თვალზე ცრემლმომდგარი ლარისა.
-          -გადი ქალო იქით, ახლა გავხდი შენი კარის იმედი?
-          -შენს სახელოვან ბიჭს თუ გააგებინეთ უკვე,მაგას ენაცვალოს ლარისა დეიდა მთლად ჩემს ხელშია გაზრდილი.
-          -ახლა გახდა სახელოვანი? ის აღარ გახსოვს, ორღულელ ცალთვალა და უკბილო გოგოს რომ ურიგებდი?
-          -რანაირად ლაპარაკობ შენ ბესიკია დაფეხვილო, მეც ქე მოვიგე ოცი ათასი, ხვალ უთენია მივდივარ თბილისში ფულის ასაღებად.
-          -ბებიაშენი ქსენია მოატყუე შენ და შენი ლოთი ქმარი, ვის ატყუებ?
-          -ვისი ქმარია ლოთი, თქვე მშიერგუდებო, შენს მორფინისტ შვილს მიხედე შენ.
-          -ვისი შვილია მორფინისტი შე პირდაუბანელო - ჟანგიან თოხს სტაცა ხელი ბესომ.
ეზოში ბებერი დურგალი როსტომი შემოვარდა ღრიალით:
-          -ავშენდი ხალხო ავშენდი.
-          -რა იყო როსტომ?
-          -ოცი ათასი მოვიგე ოცი ათასი.
-          -ღმერთო ნუ გადამრევ, შენ რანაირად მოიგე როსტომ? - გაფითრდა ლარისა.
-          -ჩემმა შვილიშვილმა მახარა.
-          -გაგეზარდოს დიდი ბიჭი, აქედანვე ეტყობა რა ალღოიანი ბიჭია.
-          -ახლა გახდა ალღოიანი? არ გახსოვს შენი მატლიანი ბლის ხიდან რომ ჩამოათრიე და გამილახე ოქროსავით ბავშვი?
-          -რა ქურდებიც ხართ მთელი ოჯახი, იმნაირი გეზრდებათ ეგეც.
-          -ვინაა ქალო ქურდი. - იღრიალა როსტომმა და ღობიდან სარი ამოაძრო.
ორღობეში თმაგაშლილი ქალი გამოჩნდა კივილით:
-          -ვის ეგონა ჩემი ზურია ლოთი და უსაქმური? ნამდვილი ვაჟკაცი მყოლი სახლში.
-          -შენ რაღა დაგემართა ხათუნა?
-          -ჩემმა ზურიამ ოცი ათასი მოიგო.
ბესოს თოხი გაუვარდა ხელიდან, როსტომს სარი, ლარისა პირდაპირ მიწაზე დაჯდა რომ არ წაქცეულიყო.
-          -ღმერთო დიდებულო - გამოეგება ხათუნას მეზობელი ზინა- ისახელა თავი შენმა -დევგმირმა?
-         - ახლა გახდა დევგმირი? გუშინწინ ლოთი და უსაქმური რომ ეძახე აღარ გახსოვს?
-          -რა მოხდა შე ქალო, ჩემს ხელშია გაზრდილი, ვეხუმრე.
-          -რა ეხუმრე შე ქუჩის ქალო, სადგურში რომ გაატარე მთელი ახალგაზრდობა.
-          -რატომ კადრულობ მაგას ხათუნა, დეიდად გეკუთვნი.
ამ დროს ზინასთან პატარა შვილიშილმა მიირბინა და ცივი ხმით უყვირა: ბებო ოცი -ათასი მოვიგეთ.
 - რა ოცი ათასი გოგო ხომ არ გადარეულხარ?
 -მართლა ბებო აგერ ახლა ვნახე ტელეფონში.
ზინამ დოინჯი შემოიყარა და ხათუნას გასძახა:
-          -ხათუნა წირპლიანო, ვინაა შენი ქუჩის ქალი, დამიცადე მანდ უნდა გაგიხეთქო ეგ ქონიანი თავი.
-         - რა მოხდა ზინა რა მოხდა- დაიძახა შორიდან მეზობელმა.
-          -ოცი ათასი მოვიგე თინიკო და ამ შურიანმა ხათუნამ სულ ქუჩის ქალი მიძახა.
-          -უი რას ამბობ შე ქალო ჩვენც მოვიგეთ ოცი ათასი.
-          -ეს რა დღე გაგვითენდა ნამდვილად ცხვარი უნდა დავკლათ მთელმა სოფელმა.
-          -რა ცხვარის დამკვლელები ხართ შენ და შენი ოჯახი, ყველა კაპიკს მუთაქაში ინახავთ, ძაღლიც მშიერი მოგიკვდათ და კატაც.
-          -ვის ეუბნები მაგას ქალო, შენი ქმარი არ იყო, ჩემი კაკო რომ წამოიყვანა ვენახის გასათოხნად მთელი დღე და სახლში ისეთი მშიერი მოვიდა კინაღამ ბარკალი გამომაჭამა.
-          -დეიცადე მანდ ღობესთან, წიწილივით უნდა წაგაწყვიტო თავი.
-          -მოდი მოდი ერთი ვისი თავი გაგორდება შარაგზაზე დაგანახებ.
მთელი ღამე გრძელდებოდა აყალმაყალი, გინება და წყევლა. სოფელში ერთი ოჯახი არ დარჩა რომ ამ საყოველთაო ყაყანში არ ჩართულიყო. დილას კი გათენებული არ იყო რომ  რაიონის სადგურიდან ერთი სოფლის ხალხით დატვირთული პირველი ავტობუსი დაიძრა თბილისის მიმართულებით.
    ბანკთან ხალხმრავლობა იყო მაგრამ, ხმას არავინ იღებდა. ყველა თვალი ბანკის შესასვლელი კარისაკენ იყო მიმართული საიდანაც, წუთი-წუთზე ლარისა და მისი ქმარი უნდა გამოსულიყვნენ ხელში ოცი ათასით და გაბადრული ღიმილით. ყველა რიგს ელოდებოდა, ნერვიულობდნენ და ერთმანეთს უბღვერდნენ.
-          -ჩვენი ფულის წასაღებად მოვედით გენაცვალე -  გაუღიმა პომადიანი კბილებით ლარისამ ბანკის ოპერატორს.
-          -ანაბრიდან გნებავთ თანხის გატანა? - თავაზიანად გაუღიმა გოგონამ.
-          -ჩვენ ოცი ათასი მოვიგეთ შვილო , აგერ წერილი გამოგვიგზავნა თქვენმა ბანკმა - მიაწოდა ტელეფონი გოგონას ლარისას ქმარმა. ოპერატორმა ტელეფონი გამოართვა და ტელეფონში მოსული შეტყობინება წაიკითხა: მოიგეთ ოცი ათასი! გახსენით ანაბარი ჩვენს ბანკში მინიმუმ ათასი დოლარის ოდენობით, ჩაერთეთ საინტერესო თამაშში, გახდით გამარჯვებული და მოიგეთ ოცი ათასი.

Friday, August 26, 2011

სუფთა ქუჩა

ჩემს პირდაპირ შენობაზე დიდი ასოებით აწერია კედელზე danger ამ სიტყვის ქვემოთ შედარებით წვრილი შრიფტით „ბოზებს რააა???“ და გვერდით სხვა ფერის მარკერით და სხვა კალიგრაფიით უწერია ფრაზის შესაბამისი გაგრძელება. ამავე შენობის მეორე სართულზე ქალი დგას აივანზე და იწყევლება: არ გაიხაროს ვინც ჩემი ფანჯრის ქვეშ ყრის ამდენ ნაგავს. მერე მობეზრდა ყვირილი და ისევ დიდი ჭუჭყიანი ლეიბის ბერტყვა განაგრძო. საეჭვოდ შესველებული ადგილის ოდნავ მაღლა, პირველი სართულის ფანჯრიდან კაცმა გამოიხედა, ზემოთ აიხედა, მტვრის ბურუსში გახვეულ ლეიბის მბერტყველ ქალს ხმადაბლა შეაგინა გარემოს დაბინძურებისათვის და პირიდან უცხო სხეული გადმოაფურთხა.სადარბაზოდან ცოლქმარი გამოვიდა პატარა ბავშვით ხელში. სადარბაზოს შესასვლელში გამხდარი ვირთხა პამპერსში შეხვეულ პრეზერვატივს ჩიჩქნიდა. გოგომ წამოიკივლა, ბიჭმა დიდი ხმით შეაგინა ვირთხის მომგონს. სადარბაზოს გვერდით მაღაზიიდან დედა შვილი გამოვიდა. ბავშვმა ნაყინს ქაღალდი შემოაცალა და ხელში მოჭმუჭნა, დედამ მაშინვე დააგდებინა ძირს ქაღალდი რომ ბავშვს ხელები არ დასვროდა. შენობის წინ პატარა მაგიდაზე დარჩენილ გუშინდელ ნასუფრალს დილის ნიავი აშრიალებდა. მაგიდასთან მჯდომი სამი ნაბახუსევი ახალგაზრდა ზიზღნარევი მზერით უყურებდა მაგიდას. ერთერთი ბიჭი ხელში გადაჭრილ პლასტმასის ბოთლს ჭმუჭნიდა რომლის მეორე ნახევრით წუხელ თავის ქუჩის სადღეგრძელო დალია. ხის ქვეშ თოფით მოკლული მტრედის ნახევარი ეგდო რომელიც მანქანის დაბინძურებისთვის მოკლეს რომელიც ამ ხის ქვეშ დგას ხოლმე. ტაქსი გავაჩერე. მძღოლმა მანქანა დაძრა. ლეიბის მტვერი გაუმართავი მანქანის გამონაბოლქვს, ხოლო ლეიბის მბერტყველი ქალის წყევლა მანქანის ხმას შეერია.

კახელი პატრული

-ექვსასსამოცდაშვიდი ექვსასსამოცდაშვიდი გადააყენე ტრნნნ ტრნნნ!!!
-ემელი ემელი ოეეე გადააყენე მეთქი არ გესმის?!
-ეს ხმები გურჯაანისკენ მიმავალ გზაზე შემომესმა. სარკეში გავხედე და ვინსტონ ლაითი -მომდევდა ჩართული „მიგალკით“. მორჩილად გადავაყენე მანქანა გზიდან და წესის --თანახმად მანქანიდან არ გადავსულვარ. ფანჯარას არ ჩავუწიე და ესე გაყინული მზერით -დაველოდე.
-ინსპექტორი მღებრიშვილი- ოდნავ გასაგონად გაისმა ხმა
-მე არ მიმიხედია
-ინსპექტორი მღებრიშვილი - ისე დასჭექა ღიპი და ღაბაბი აუთრთოლდა
-ისევ არ მივხედე
-გადავიდა პრიმიტიულ ხერხზე - ფანჯარაზე დამიკაკუნა
-არც ეხლა მივხედე
-წინიდან მოუარა და წამოჭარხლებული სახით ფანჯრის ჩაწევა მიბრძანა
-ფანჯარას ჩავუწიე და გავუღიმე - რა დავაშავე უფროსო?
-ფანჯარას რათ არ უწევდი?- დამიბღვირა
-როდის კაცო? - გავიკვირვე მე
-როდისა და ეხლა
-როდის ეხლა?
-ოოოჰ.. საბუთები- მობეზრდა ჩემთან დავა
-რა საბუთები?
-მანქანის საბუთები და პრავა- დამიკონკრეტა
-მანქანის პასპორტი მივაწოდე.
-პრავა არა გაქ? -შემათვალიერა ეჭვის თვალით
-პრავა რა არის?- გავისულელე თავი
-ეეე ეხლა შენ რას ატრაკებ- გაბრაზდა პოლიციელი
-მოვითხოვ ჩემსკენ მომართული ფრაზეოლოგიის დახვეწას- წარბი შევიკარი მე
-ვინა ხარ კაცო შენა- შეშფოთდა ინსპექტორი
-თუ ფაქი- ვუპასუხე მე სერიოზული გამომეტყველებით.
-გვარი?- დაიბნა პატრული
-შაქური- არ დავიბენი მე
-მართვის მოწმობა მაჩვენეთ თუ შეიძლება- გადაერთო ქართულზე
-მივაწოდე.
-აქ რო აკაკი წერია?- გამომიჭირა
-ეგ ჩემი არ არის- ვუთხარი დაბალი ხმით
-მა ვისია?- აუწია ხმას
-ჩემი- ვუპასუხე მე
-შენა ეხლა იცი რას გიზამ თუფაქ. ჩაგისვამ მანქანაში და სანამ ტირილ არ დაიწყებ იქამდე -მეყოლები იქა გაიგეე?- გაცოფდა ინსპექტორი
-ჯასთ სეი ენაზა მადაფაქინ ვორდ ენდ ზის შით ის ოვა- ვუთხარი მე
-რაა? -დააღო პირი
-ვოთს ე ფრობლემ ინსფექთა?- ვკითხე მე
-ჩამო დაბლა ერთი აბა.
-აი ქენთ ჰია..
-დაბლა ჩამო მეთქი დაბლა ერთი..
-ჰუ არ იუ ბიტჩ, ფაქ ოფ, ორ საქ მაი ინქრედიბლ
-ეხლა აღარ იცი ქართული არააა? ჩამო მანქანიდან რო გელაპარაკები.
-რა გნებავთ?-დავინტერესდი მე
-აღარაფერი-მითხრა ინპექტორმა მღებრიშვილმა და ჯარიმის ბლანკი ამოიღო
-რა დავაშავე იქნებ მითხრათ?- მოვისაწყლე თავი
-წითელზე გაიარე- მითხრა მან და სოფლის ამტვერებულ გზას გახედა...-

I DONT NEED SEX MY GOVERNMENT EVERY DAY FUCKS ME

დილას ტელეფონის ზარმა გამაღვიძა.- თქვენს ნომერზე ირიცხება დავალიანება 67 ლარი და 45 თეთრი გთხოვთ გადაიხადოთ დავალიანება 12 დეკემბრამდე წინააღმდეგ შემთხვევაში ნომერი გაითიშება-მამცნო უსიამოვნო ხმამ.მართალია ერთი თვის განმავლობაში სულ რაღაც სამჯერ თუ ოთხჯერ ვისარგებლე ტელეფონით, მაგრამ როგრც გამოცდილმა აბონენტმა ზედმეტად ჩავთვალე „ტელეკომში“ მისვლა და ყველაფრის გარკვევა. სამსახურში წასასვლელად მოვემზადე, კარი გავაღე და დენის ქვითარი დამხვდა.-თქვენი დავალიანება შეადგენს 71 ლარს და 80 თეთრს- ეწერა სულის შემძვრელი ინფორმაცია. ქვითარი დავკეცე და მაგიდაზე დავდე. გარეთ გამოვედი თუ არა მეზობელი მომესალმა და გაზის, წყლის და ნაგვის ქვითარი ერთად მომცა- გუშინ იყო შენს კარებში გარჭობილი, ავიღე და შეგინახე რავიცი მე ყველაფერს იპარავენ ეს ოხრები-მითხრა და ეზოში მოთამაშე ბავშვებს გადახედა. მადლობა გადავუხადე და მანქანაში ჩავჯექი. პირველივე შუქნიშანზე ახალგაზრდა ბიჭი მომიახლოვდა, ოთხად დაკეცილი ხატი გაშალა და ყიდვა მთხოვა. მე უარი ვუთხარი. რა იყო ბიჭო ღმერთი არა გწამს?- მომაძახა უკმაყოფილოდა და ხატი ისევ ჯიბეში ჩაიჩურთა. გზაში ვიფიქრე რამეს შევჭამთქო მანქანა სადგომზე გავაჩერე და გადმოვედი. წინა კვირას „სპეციალურ რეპორტაჟში“ გასული სიუჟეტით შეშინებულმა საცხობებს გვერდი ავუარე და „მაკდონალდს“-ში შევედი. ერთ ჰამბურგერში და ერთ „კოკაკოლაში“ 12 ლარი გადავიხადე , მაგიდასთან ჩამოვჯექი, მამასისხლად ნაყიდ ჰამბურგერს შევექეცი და თან ფანჯარაში ვიყურებოდი. ფანჯრის წინ „სითიპარკის“ ევაკუატორმა ჩაიარა, რომელსაც ძალიან ნაცნობი მანქანა მიჰქონდა. როცა მივხვდი თუ საიდან მეცნობოდა ის მანქანა, ცოფიანივით დავყარე ჰამბურგერიც და კოკაკოლაც და ავტოსადგომისკენ გავიქეცი მთელი სისწრაფით. „ჟიგულის“ და „ნივას“ შორის გაჩერებული ჩემი მერსედესის ადგილად სიცარიელე დამხვდა. საშინელი გინების ნიაღვარი მივაყოლე და „სტაიანშჩიკს“ დავეტაკე:
- სად არის ჩემი მანქანა?
- სითიპარკმა წაიყვანა ჯიგარო
- შენ რისთვის დგახარ მერე აქ, რატომ გაატანე?
- რავი ეგრე თქვა ხაზზე ცოტა აქეთ არი გადმოსულიო.
- და ეს მანქანები რატომ არ წაიყვანეს აქეთ იქიდან რომ დგანან?- გავგიჟდი მე.
- ვერა ხედავ ჟიგულია მაგ ჯარიმის ფასი სულ ღირს ეგა- მითხრა და გაიღრიჭა.
ვიღაც გამოცდილმა სითიპარკის ნომერი მომცა და ოპერატორმა მამცნო რომ ჩემი მანქანა საჯარიმო სადგომზეა გადაყვანილი. საჯარიმო სადგომისკენ როგორც ვიკითხე ავტობუსი არ მიდიოდა, რუსთაველზე კი როგორც მოგახსენებათ სამარშრუტო ტაქსები არ დადიან.გამწარებულმა ტაქსი გავაჩერე და მგზავრობა 5 ლარი დამიჯდა. საჯარიმო სადგომზე მანქანების აღშფოთებული და გამწარებული პატრონების ბრბო გავარღვიე, სამოცდაათი ლარი გადავიხადე და ჩემი ახლადგაკაწრული მანქანა წამოვიყვანე.განერვიულებულს ღვედის შეკვრა დამავიწყდა და პატრულის მეგაფონმაც არ დააყოვნა. 40 ლარიანი ჯარიმის ქვითარი ჯიბეში ჩავიტენე და სიმწრის ცრემლი მომადგა.სამსახურში წასვლას აზრი აღარ ქონდა და ისევ სახლისკენ გავემართე. შემდეგ შუქნიშანთან მათხოვარი მომადგა და დახმარება მთხოვა. მე პასუხად ცარიელი ჯიბეები ამოვატრიალე და უარესად საცოდავი ხმით ვუთხარი უარი. მათხოვარმა ჩემს მერსედესს დახედა, ზიზღით შემომხედა, ჩაილაპარაკა- ფულიანი ღორი- და გამშორდა.ამ დროს მწვანე შუქიც აინთო მანქნა დავძარი და ვიღაცის მაისურზე გაკეთებული წარწერა გამახსენდა - I don’t need sex, my government every day fucks me.

Thursday, August 25, 2011

ჩინელი ბიჭის ამბავი ანუ დაბადების დღე იმერულად

                                                 

        ლამაზია  იმერეთი. თავის ლამაზი მთებით, კლდეებით, ჩუხჩუხა მდინარეებით, პატარა ჩანჩქერებით, მხიარული ხალხით და განუმეორებელი სტუმართმოყვარეობით.
          ტობი ვონგი მანქანაში იჯდა ოფლად იღვრებოდა. მანქანის მინები ბოლომდე იყო აწეული რომ წინა მანქანისაგან გზაზე სქლად მომავალი მტვერი მანქანაში არ შესულიყო. სამმანქანიან კოლონაში, რომელიც დაბადების დღეზე მიემართებოდა მათი მანქანა ბოლო იყო.კოლონის შუა მანქანაში მდიდარი ბიზნესმენი იჯდა, რომელსაც თურმე ძალიან უყვარდა ამ სოფელში ჩამოსვლა და ხშირადაც სტუმრობდა ხოლმე.სამსაათიანი მგზავრობის განმავლობაში ფანჯარა სულ სამჯერ ჩაუწიეს რომ ცოტა ჟანგბადი შემოეშვათ და იმის კვალიც ტობი ვონგს  სქლად ედო წამწამებზე, წარბებზე და თმაზე. ის დაბადების დღეზე მიდიოდა იმერეთის ერთერთ ულამაზეს სოფელში,სადაც მისმა მეზობელმა მახომ დაპატიჟა,ბიძაშვილის ნახევარძმისცოლის დაბადების დღეზე.
               ტობი ჩინელია, უკვე სამი წელია საქართველოში ცხოვრობს, ქართულიც კარგად ისწავლა  და აღარ უკვირს ქართველთა უცნაურობანი, მაგრამ ის იმერეთში პირველად არის. პირველი მანქანა რკინის ჭიშკარს მიადგა და სიგნალი გააბა, მას მეორე მანქანაც აჰყვა და შემდეგ მესამეც.ჭიშკარი ათამდე ბედნიერსახიანმა ქალმა გააღო და სტუმრებს შეეგება. მანქანები დაიცალა და ბიზნესმენმაც იკადრა ჩამოსვლა. ათივე ქალი ბიზნესმენს მიესია და გასაქანს არ აძლევდნენ. კოცნიდნენ,ეხვეოდნენ, ტიროდნენ და პატარა ბავშვებს ტენიდნენ ხელში. დანარჩენი სტუმრები და ტობი ვონგი მდუმარედ აუყვნენ კიბეებს მეორე სართულისაკენ, სადაც სუფრა იყო გაშლილი. ბიზნესმენმა, რომელსაც როგორც შემდეგ გაირკვა მურთაზი ერქვა, სასწრაფოდ იშიშვლა საფულე და გულად და პურად მასპინძლებს სასწრაფოდ გაუნაწილა მისი შიგთავსი. როცა უკანასკნელ პატარასაც ჩაუტენა ჯიბეში ასდოლარიანი, ყველა უცებ დაშოშმინდა და ყველამ თავისი ბავშვი წაიყვანა მოფარებულ ადგილებში გასაძარცვავად. მეორე სართულის აივანზე სხვადასხვა ასაკის ოცამდე მამაკაცი იდგა, რომლებიც თავშეკავებულად მიესალმნენ სტუმრებს და მოუთმენლად იყურებოდნენ კიბისაკენ, სადაც ბატონ მურთაზს მოაცილებდა გაძარცვულ და დიდ ხმაზე მოღრიალე ბავშვთა ამალა რომელთაც მშობლებმა უთხრეს  რომ ძია ძალიან კეთილია. ბატონმა მურთაზმა, კიბე აიარა და კიბის თავში მდგომ პირველ მამაკაცს ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად. გაწვდილ მარჯვენას ოცი დაკოჟრილი ხელი ეცა და ყველამ ერთად ჩამოართვა. მდუმარე პირგამეხებული მამაკაცების ჯგუფი,ცირკის  მხიარული და სასაცილო ტაკიმასხარების დასად გადაიქცა. ისინიც ყველა ერთად ეხვეოდენ, კოცნიდნენ პატივცემულ სტუმარს, მაგრამ ამაოდ- საფულე უკვე ცარიელი იყო.
   სუფრის დასაწყისში ორი დიდი დინამიკი იდგა რკინის დასადგამებზე, მათ შორის კი ხავერდის მაგიდაზე ე.წ. „იამახა“, რომელთანაც ადგილი მსუქანმა, წითელსახიანმა და მკერდმოღეღილმა მუსიკოსმა დაიკავა გრძელი, წინგამოშვერილი ქვედა ტუჩის უკან დამალული სამად სამი გამოხრული კბილით. სუფრის ორივე მხარეს ტაბურეტებზე შემდგარი გრძელი ფიცრები იდო რომელსაც ზედ შპალერი ჰქონდა ძაფით გადაკრული. მარჯვენა მხარეს ქალები დასხდნენ, მარცხენა მხარეს მამაკაცები. მხოლოდ სუფრის თავში დარჩა ერთი ადგილი სადაც ხავერდგადაკრული სავარძელი იდგა. სავარძლის გვერდით მსუქანი მეჩხერთმიანი მოხუცი დადგა და გამოაცხადა: ამ სანატრელ დღეს ჩვენი დიასახლისის, ხუთი შვილის გამზრდელი დედის  ქალბატონი მთვარისას გაშლილ სუფრას თამადობას გაუწევს ბატონი მურთაზ ბიძინიჩი.
-         არა რას ლაპარაკობ გენადი, მანქანით ვარ- დაიმორცხვა ბატონმა მურთაზმა
-         რავა რას ვლაპარაკობ ბიძინიჩ,თავს მჭრი მთელს სოფელში?- შეიცხადა გენადიმ.
-         კაი ადგილას დგახარ გენადი  პავლოვიჩ და შენ თვითონ გვითამადე- დართო ნება მურთაზმა
-         კაი აპა რაღაი არ იშლით - შეიფერა გენადიმ თანამდებობა, ხავერდიან სავარძელში ჩაჯდა და გვერდით  მჯდომ თანასოფლელებს ნიშნის მოგებით  გადახედა.
თავად ბატონმა მურთაზმა ნახევარი სუფრა გამოიარა და ზუსტად ტობი ვონგის და დალაქავებულპერანგიან, ჯანიან ახალგაზრდას შორის დაჯდა.
-         ვაჰ ამერიკელი სტუმარი გვყოლია - ყველამ ერთად შეათვალიერა ბიჭი, რომელმაც რატომღაც ყველამ ბატონ მურთაზთან ერთად უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრად მიიღო. ტობიმ უხერხულობა იგრძნო თანაც მარჯვენა რიგში ქალები აჩურჩულდნენ:
-         რავა პრაწავს თვალებს ეს ამერიკელი.
-         რა ქნას ძალით კი არ პრაწავს ისე აქვს ბუნებრივად მაგნაირი თვალები.
-         რანაირი ტანი აქვს, ბოვშია თუ დიდი კი ვერ გეიგებ.
-         შენ ბოვში უძახე და ჯერ არ მოსულა და სამი ნიგვზიანი ბადრიჯანი გადაყლაპა უცებ.
-         გონია ეს არ უნდა იყოს ამერიკელი, რაიონში რომ მაღაზია გახსნენ ჩინელებმა, ე იმათ გავს.
-         აპაა გოგო მართალი ხარ შენ, გაჭრილი ვაშლივით გავს ი დაგვაჯულ კაცს, კაპიკი რომ არ დააკლო გუშინწინეებზე  თავის გამხმარ „კეპკას“ და ძირგავარდნილ კეტებს- ბოვშისთვის მინდოდა.
-         ე გოგო ნუ ყლოჭინობთ იქნება ქეც ესმის ქართული.
-         ამხელა კვახის ბარდებივით გაშლილი ყურებით ქართულს კი არა ყველა ენას გეიგონებს.
-         პატივცემულო სუფრის წევრებო, დებო და ძმებო მოდით შევსვათ პირველი სასმისი, მოდით ჩვენს სიამაყეს მურთაზ ბიძინიჩ ვეშაპიძეს გაუმარჯოს ღმერთმა ბევრი მისცეს და უბედურება აშოროს. ამინ - დაამთავრა თამადამ, ღვინო დალია, ჭიქა ამოატრიალა და ცერა თითზე დააკაკუნა, ასე მტერი დაგეცალოს ბიძინიჩ.
        ტობიმ პერანგის ჯიბეში ჩადებული ჩინური სუვენირი ამოიღო და შეასწორ-შემოასწორა. გვერდზე მჯდომმა მახომ მხარი გაკრა:
-         რას შვები კაცო
-         დაბადების დღის საჩუქარი უნდა ვაჩუქო ამ კაცს
-         მაგის დაბადების დღე არ არის კაცო.
-         აბა ვისია?~
-         ციცინოსი
-         რომელია აბა?- ქალებს გადახედა ტობიმ
-         აქ არ არის.
-         აბა სად არის?
-         საბერძნეთში.
-         რაა?
-         ხო რაიყო, საბერძნეთშია და აქ უხდიან დაბადების დღეს.
            ტობიმ საჩუქარი შეინახა და სუფრა მოათვალიერა. მაგიდაზე მის წინ ლიმონათი საფირმო ნიშნით „ი.მ. ბორია მახათაძე“ და უეტიკეტო მინერალური წყალი იდგა, სავარაუდოდ „ბორჯომი“.  „ბორჯომი“ს დალევა გადაწყვიტა, მაგრამ შენიშნა, რომ დაბეჭდილ ბოთლში რაღაც ტივტივებდა და ბოთლის კედლებიც საკმაოდ შეყვითლებულიყო და ცივად დააბრუნა ისევ მაგიდაზე. მოპირდაპირე მხარეს მჯდომმა გოგომ ტობის ნაზად გაუღიმა, ნამცხვარზე მჯდომი სამი ბუზი ააფრინა და იგივე ნამცხვარი მომაჯადოებლად ჩაკბიჩა. სუფრაზე  სამკვდრო-სასიცოცხლო სმა გაჩაღებულიყო.ბატონი მურთაზის საპატივცემულოდ და სადღეგრძელებლად  უკვე დაელიათ  ლიტრიანი ყანწები, და მოხატული ფიალები. თამადა ადგა, იუბილარის სადღეგრძელო გამოაცხადა და ხორცის გასატარებელი მანქანა მოითხოვა.
-         რად უნდა?- გადაუჩურჩულა ტობიმ ვახოს
-         ეხლავე ნახავ- ჩურჩულითვე უპასუხა მახომ
                          დაასხით- დაიბღავლა უკვე მთვრალმა თამადამ და მანქანას აქეთ-იქიდან ხვრელებზე ორივე ხელი ააფარა(ერთობის ნიშნად). „სასმისი“ ბოლომდე აავსეს და თამადაც დაეწაფა. მის სასახელოდ უნდა ითქვას რომ თუმცა ნახევარი, გაღეღილ და აბალახებულ მკერდზე ჩამოექცა, მაინც ბოლომდე დალია.ტობი შეძრწუნებული უყურებდა ამ სანახაობას. თამადამ სველი სახელოთი ტუჩები შეიმშრალა და იყვირა: მუსიკა, მუსიკა იუბილარს. მუსიკოსმა ტუჩის თამაშით გამოაცხადა:“ სიმღერა სრულდება იუბილარის საპატივცემულოდ“ და უზარმაზარ დინამიკებში დიდი ხმით გაისმა - „ბინდისფერია სოფელი“.
    შემდეგი ანუ დედმამიშვილების  სადღეგრძელო მურიანი ლამპის შუშით შესვეს, რამეთუ დედმამიშვილი ისე გვიყვარს ამითაც კი დავლევთ ღვინოს მათი გულისათვისო. თამადამ გრძელი მონოლოგი იუბილარის ძმისადმი  დაასრულა: ყველას გაგიმარჯოთ დედმამიშვილებს, ნაზიკოს გარდაო.
-         იმ ერთი დის სადღეგრძელო რატომ არ დალიეს?- დაინტერესდა ტობი
-         გაუთხოვარია- განუმარტა მახომ.
-         მერე რა?
-         რაღა მერე რა კაცო ოცდახუთი წლის ქალი რომ გაუთხოვარი ივლის სად გაგიგია. მოჭრა ოჯახს თავი - გაბრაზდა მახო.
             მურთაზ ბიძინიჩს მიუძღვნეს სიმღერა „თავადის ქალო“ ქალო და თამადამ სიტყვით მიმართა: ტყავი რომ შემოვიხიოთ ტანზე მაინც ვერ გადავიხდით შენს პატივისცემას მურთაზ ბიძინიჩ, შენი სადღეგრძელო მინდა კიდევ ერთხელ შევსვა, საქართველოს სასიქადულო მამულიშვილო, მარტო სიტყვით სიყვარულის გამოხატვას არ ვარ მე ჩვეული და საქმითაც მინდა დაგიმტკიცო. თამადა პიზის კოშკივით გადაიხარა და ბატონ მურთაზს ყურში აკოცა. უჰჰ შენ გენაცვალე ამოასლოკინა თამადამ და იყვირა: ამ ჭინჭყილა ჭიქით დავლევ ახლა მეეე ამხელა კაცის სადღეგრძელოს?- ღვინიანი  ჭიქა მოისროლა და მორჩილად მდგომ თავის ცოლს გაარტყა სახეში. ცოლმა უხმოდ აკრიფა ნამტვრევები და სისხლიანი კბილებით გაუღიმა. უზომოდ მთვრალმა თამადამ სასმისს დაუწყო ძებნა მორღვეული თვალებით და მზერა მურთაზ ბიძინიჩის მტვრიან ფეხსაცმელზე შეაჩერა. ტობი ვონგი ისევ მოპირდაპირე მხარეს მჯდარ გოგონას უყურებდა თუ როგორ ნაზად იჩიჩქნიდა ყელზე ჩამოკიდებული ჯვრით კბილებს. უცებ ატყდა ჟივილ-ხივილი, ტობიმ მარჯვნივ მიიხედა და დაინახა: კაცები სიცილ-ხარხარით აკავებდნენ ბატონ მურთაზს და ბატონი თამადა ფეხსაცმელს ხდიდა. მურთაზ ბიძინიჩი გაბარიტებს არ უჩიოდა და მის ფეხსაცმელში კაი ერთ ლიტრამდე ღვინო მაინც ჩავიდა. თამადამ ფეხსაცმელი ბოლომდე გამოცალა და  ნახევარი ამჯერად მძინარე მუსიკოსს გადაასხა.
 ყველამ ბოლომდე შესვა ღვთიური სასმელი ამ განსაკუთრებული სასმისით და ჯერი ტობი ვონგზე მიდგა რომელიც სუფრის დებიუტის შემდეგ არავის გახსენებია ქალების გარდა. -პატივცემულო სტუმარო- იღრიალა თამადამ - მამაშენს რა ქვია როგორ მოგმართო. ტობი ფეხზე წამოდგა და უპასუხა: მე ტობი ვონგი ვარ, მამაჩემს კი დენგი ჰქვია. - ჰოდა ტობი დენგოვიჩ აბა დაგვილიე ამ კაცური კაცის სადღეგრძელო- უბრძანა გენადი პავლოვიჩმა და უკვე საგრძნობლად დარბილებული და საყელომოცვეთილი ღვინით სავსე ფეხსაცმელი გადააწოდა.
-         ამას ვერ დავლევ ბატონო ცუდად გავხხდები- დაიკნავლა ტობიმ
-         რააა? - დაიქშინა თამადამ და თვალები დაქაჩა
-         ავად ვარ ბატონო ჩემთვის არ შეიძლება- გაიბრძოლა ტობიმ
-         რას ამბობს ეს გალეული ხედავ მურთაზ ბიძინიჩ? ერთი კვირის წინ კუჭის ოპერაცია გაიკეთა ჩემმა ცოლმა და იმან დაცალა ბოლომდე და ამას არ უნდა დალევა?
შეშინებულმა  ტობი ვონგმა შედარებით სუფთა ადგილი მოუძებნა ფეხსაცმელს და მპიყუდა. ღვინო ბოლომდე დალია თვალები გადაატრიალა და გული წაუვიდა. „აპა რა ეგონა, უპატივცემულოდ არავინ გამიშვია ჩვენი სოფლიდან და ამას გოვუშვებდი?“- გაიბღინძა გენადი პავლოვიჩი. ტობი ვონგი სავადმყოფოს ნაცვლად ქვედა სართულზე ჩაიყვანეს ქალებმა და საწოლში ტანსაცმლიანად ჩააწვინეს.
-         ამდენი რაფრა უნდა დალიო, ასე ძაღლივით უნდა წეიქცე ახალგაზრდა კაცი? - დასცინა ერთერთმა.
-         აპა რა ეგონა ჩემს გენადიას რომ გეეჯიბრა სმაში, ორ ქორწილს და ორ ქელეხს თამადობს დღეში - ამაყად წაიჩიფჩიფა გენადი პავლოვიჩის ცოლმა და გამსკდარი ტუჩი მოილოკა.